როგორც იქნა, ეიფორიის ფანების მიერ თვეების განმავლობაში გამოთქმული ვარაუდები დადასტურდა: დომინიკ ფაიკმა GQ-სთან მიცემულ ინტერვიუში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის და ჰანტერ შაფერი ერთად არიან.

ამის შესახებ პირველი საფუძვლიანი ეჭვი მაშინ გაჩნდა, რომ დომინიკმა დაბადების დღის მისალოცად გასულ დეკემბერს ეს ფოტო გამოაქვეყნა:

ფოტო: Instagram / dominicfike

მოგვიანებით კი ერთად ოსკარების დაჯილდოების შემდეგ გამართულ წვეულებაზეც გამოჩნდნენ:

ფოტო: Axelle / FilmMagic

თუმცა აქამდე ეიფორიის ამ ორ ცნობილ მსახიობს მათი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამთ. მხოლოდ სულ ახლახან ჟურნალ GQ-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა ღიად დომინიკმა, რომ ჰანტერ შაფერი უყვარს.

დომინიკმა ჰანტერი ეიფორიის გადასაღებ მოედანზე გაიცნო და მისი თქმით, ურთიერთობა მალევე ააწყეს:

"ასეთ დროს [გადაღებების გამო დაძაბულობისას] ურთიერთობა სწრაფად ვითარდება, რადგან ვიღაცას ემოციურად მალევე ეჯაჭვები. ზოგადად, ამას დიდი დრო სჭირდება ხოლმე: ზოგიერთ ადამიანს გაცნობიდან თვეების ან წლების მერე უყვარდება. ჩვენ კი ერთმანეთი უცებ მივიზიდეთ", — თქვა მან.

ფოტო: HBO

ინტერვიუს ავტორი ჰანტერ შაფერს დომინიკის "შეყვარებულად" მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მათ "ერთმანეთი ძალიან უყვართ".

თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად შეხვედრას ვერ ახერხებენ, ამიტომ მონატრებასთან გამკლავება სხვადასხვა გზით უწევთ: ფაიკმა აღნიშნა, რომ ოთხი დღის განმავლობაში რვაჯერ მივიდა პრადას მაღაზიაში, რათა ვიტრინაში გამოკრულ ბანერებზე ჰანტერის სახე ენახა.

ფოტო: Jeff Kravitz / Getty Images

როგორც ეიფორიის ერთგულ მაყურებლებს კარგად მოეხსენებათ, ჰანტერ შაფერი HBO-ს ამ გახმაურებულ სერიალში ჯულსის როლს ასრულებს, დომინიკი კი მეორე სეზონში გამოჩნდა ელიოტის როლით და მისი პერსონაჟი სწორედ ჯულსთან გააბამს სასიყვარულო ურთიერთობას.

იმის გამო, რომ ელიოტმა რუსა და ჯულსის ურთიერთობაში ბზარები გააღრმავა და რუს ნარკოდამოკიდებულებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი, ეს პერსონაჟი ბევრმა მაყურებელმა შეიძულა.

თუმცა, როგორც ჩანს, ჯულსისა და ელიოტის როლის შემსრულებლებისთვის სიყვარულის ისტორია რეალურ ცხოვრებაში კიდევ უფრო ჯადოსნურად გაგრძელდა.

ფოტო: WireImage

როგორც უკვე იცით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ეიფორია მესამე სეზონით დაბრუნდება, თუმცა პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია: ვარაუდობენ, რომ შემდეგ სეზონს 2024 წელს ვიხილავთ.