კომპანია ბორჯომის ორივე ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები უვადოდ გაიფიცნენ. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება, ხელფასების ზრდას ითხოვენ. მათი განცხადებით, სამუშაო ადგილებზე არ დაბრუნდებიან, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

"50 ადამიანი უკანონოდ გაათავისუფლეს. რატო? ეს ხალხი იყვნენ კომიტეტის წევრები, წინა ხაზზე იბრძოდნენ, წინა წლიდან დღემდე. არ შევცვალეთ ხელშეკრულება, ჩვენ არ გვინდოდა საათობრივ ანაზღაურებაზე და ფიქსირებული ხელფასის შენარჩუნებას ვითხოვთ", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

აქციის მონაწილეების თქმით, ასევე ითხოვენ თანამშრომლებზე ზეწოლასა და მუქარაში შემჩნეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას.

კომპანია ბორჯომმა 29 აპრილიდან სანქციების გამო ორივე ქარხანაში წარმოება დროებით შეაჩერა. 5 მაისს ბორჯომმა 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპანიაში თქვეს, რომ შექმნილ ვითარებაში იძულებული გახდნენ დასაქმებულთა ხელშეკრულებაში ცვლილება შეეტანათ, რაზეც თანამშრომელთა ნაწილი არ დათანხმდა.

ბორჯომის წარმოების შეჩერების შემდეგ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საკითხზე აქტიურად მუშაობენ და მოსახლეობას მალე ეტყვიან სასიამოვნო ინფორმაციას.

19 მაისს ცნობილი გახდა, რომ IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. მათი თქმით, ეს ნაბიჯი მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

მთავრობა ბორჯომის მფლობელი კომპანიის შეთავაზებას განიხილავს. მთავრობის განცხადებით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს ბორჯომის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა.