მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2,6%-ით გაიზარდა — ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას საქსტატი აქვეყნებს. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში 10,8%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 44,8%-ით გაიზარდა. შესაბამისად, 2022 წლის აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გასული წლის ზრდის მონაცემმაც იქონია გავლენა.

უწყების ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა. ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგებში.

საქსტატის ანგარიშში მითითებულია, რომ იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი 32,8%-ით, ხოლო იმპორტი 33,7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33,4%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის აპრილში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 41,4%-ით, 6 894-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 11,7%-ით 9,7 მილიარდ ლარამდე მოიმატა.

ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ აპრილში წლიური ინფლაცია 12,8%-იყო. აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემებით, საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ცნობისთვის, 11 აპრილს მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ბანკი 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 2,5%-ით ზრდას ელოდება. საქართველოს მთავრობის 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ია.