ევროპის სახალხო პარტიის (EPP) განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში "დემოკრატიის უკანდახევის" ტენდენციას დიდი შეშფოთებით აკვირდებიან. მათი თქმით, ქვეყანაში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის, დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიის თავისუფლებისა და სამართლიანი არჩევნების ეროზია გამოიწვია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა ამ ტენდენციის გაგრძელებაა. გარდა ამისა, მათი თქმით, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება კიდევ უფრო ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ არსებულ საფრთხეს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრულად პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა. ამასთან, მათი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად აზიანებს.

"საქართველოს მთავრობამ უფრო მკაფიოდ უნდა აჩვენოს საკუთარი ერთგულება საქართველოს ევროპული გზის მიმართ, გზის, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ მკაფიოდაა არჩეული" — ნათქვამია განცხადებაში.