გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბრისტოლის მერმა მარვინ რისმა კანადაში კლიმატის კონფერენციაზე გამოსასვლელად 9 საათი იფრინა. თავის გამოსვლაში რისმა ხაზი გაუსვა ნახშირბადის ემისიების შემცირების საჭიროებას, კლიმატის აქტივისტებმა კი გამოთვალეს, რომ მისი ფრენის შედეგად ატმოსფეროში 2 016 კგ ნახშირორჟანგი გამოიყო.

მერის ადმინისტრაცია იუწყება, რომ მარვინ რისი კლიმატის კონფერენციაზე სიტყვით გამოსასვლელად ღონისძიების ორგანიზატორებმა მიიწვიეს თავიანთივე ხარჯით.

"მან გარკვევით ისაუბრა, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას ქალაქები ან მოიგებენ, ან წააგებენ — დიდი დასახლებები ხომ მსოფლიოში ნახშირბადის ემისიების სამ მეოთხედზე არიან პასუხისმგებელნი", — აცხადებს ბრისტოლის მერია, — "ამდენად, ქალაქის ლიდერების ვალდებულებაა, გაერთიანდნენ, მხარი დაუჭირონ ცვლილებებს და ერთმანეთს უბიძგონ, გაერთიანებული ძალებით მოახდინონ გავლენა არსებულ სიტუაციაზე".

კლიმატის ცვლილებებზე მომუშავე ბრიტანული ორგანიზაცია Flight Free UK აცხადებს, რომ ბრისტოლის მერმა 7 400 კილომეტრზე მეტი იფრინა ვანკუვერში ჩასასვლელად — მაშინ, როცა შეეძლო, კონფერენციას ვირტუალურად დასწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბრისტოლი გაერთიანებული სამეფოს პირველი ქალაქია, რომელმაც კლიმატის კრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

"საჭიროა, ჩვენმა ლიდერებმა თავიანთი ქმედებებით მაგალითი მისცენ სხვებს და სიტყვით გამოსასვლელად სხვა კონტინენტზე არ გადაფრინდნენ ხოლმე", — ირონიული ტონით ამბობს Flight Free UK-ის წარმომადგენელი, — "საქმეს ყოველთვის უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე სიტყვებს. პოსტპანდემიურ პერიოდში კი, როცა ონლაინ ინტერაქცია მიღებული ფორმაა, უფრო ძლიერი განაცხადი იქნებოდა, ქალაქში ჩასვლის ნაცვლად ეკრანზე თუ გამოჩნდებოდა".