საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ როგორიც არ უნდა იყოს წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის შედეგი, დროა საქართველომ იმუშაოს იმ საკითხებზე, რაც წევრობისთვისაა საჭირო.

"მე არ მსურს ამ შეფასების შედეგზე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე სპეკულირება და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იქნება ის მოლოდინზე ნაკლები თუ მეტი, პირობებით თუ მათ გარეშე, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელია და ეს არის ის, რომ დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე, დროა, უზრუნველყოს, რომ სერიოზულად განახორციელოს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის", — თქვა მან.

ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ფუნდამენტურ პრინციპებზეა დაფუძნებული და მათთვის მთავარი ღირებულებებია, ახალი წევრის მიღებისას კი დიდ ყურადღებას აქცევენ ამ ღირებულებებს. მისი თქმით, საუბარია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე.