Tbilisi Pride ჩუღურეთში ტრანსგენდერ ქალებზე ჯგუფურ თავდასხმას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

"ეს არ არის ტრანსფობიური მოტივით და გენდერული ნიშნით თავდასხმის ერთეული შემთხვევა. ძალადობასთან გამკლავება ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს ყველაფერი მოძალადეების დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია", — აღნიშნულია განცხადებაში.

Tbilisi Pride, ასევე, მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას მხედველობაში მიიღოს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც სავარაუდო დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება.

დღეს თბილისში ჩუღურეთში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ. On.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.