მძიმე დღეები, ალბათ, ბევრ ჩვენგანს ჰქონია, შესაბამისად, თუ თავს ცუდად გრძნობთ და განწყობას უჩივით, მარტონი ნამდვილად არ ხართ. ეს ყველაფერი პანდემიამ ბევრად გაამძაფრა, რის შედეგადაც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დეპრესიის მაჩვენებლები გასამმაგდა.

აუცილებელია, აღინიშნოს, რომ როცა განწყობაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მოწყენა არ იგულისხმება, არამედ შესაძლოა, საქმე უფრო სერიოზულ მენტალურ პრობლემასთან გვქონდეს. სწორედ ამიტომ, ხანგრძლივი და შემაწუხებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სასურველია, სპეციალისტს მიმართოთ, რათა საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დროულად იზრუნოთ.

ამ სტატიაში კი მარტივ მეთოდებს გაგაცნობთ, რომლებიც თავს უკეთ გაგრძნობინებთ.

ფოტო: freepik

დალიეთ მეტი წყალი

გაუწყლოებამ შესაძლოა, ორგანიზმში ჰორმონების, დოფამინისა და სეროტონინის ბალანსი დაარღვიოს, რაც ცუდ ხასიათსა თუ შეგრძნებებს, ასევე, შფოთვასა და დეპრესიას ამძაფრებს. ეს გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, სხეულის ტემპერატურაზე, ტვინის ფუნქციონირებაზე და სხვა.

აქედან გამომდინარე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წყალი ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ეცადეთ, ის საკმარისი რაოდენობით მიიღოთ.

შეამცირეთ გაჯეტების გამოყენების დრო

ცნობილია, რომ სხვადასხვა მოწყობილობის, მათ შორის მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის ხანგრძლივად გამოყენება ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს. ყოველდღიურად ამ დროის თუნდაც 30 წუთით შემცირება თქვენზე კარგად აისახება. ამასთან, ღამით ელექტრონული გაჯეტების გამორთვით ძილის ხარისხიც გაუმჯობესდება.

სრულყოფილად გამოიძინეთ

ჩვენი ორგანიზმისთვის ძილი დასვენებისა და ძალების აღდგენის საუკეთესო და აუცილებელი საშუალებაა. მისი ნაკლებობა ადამიანის განწყობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება, ამიტომ მას ყურადღება უნდა მიაქციოთ. შეინარჩუნეთ ძილის ჰიგიენა, ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს დაწექით და 7-8 საათის განმავლობაში გამოიძინეთ.

ფოტო: themix

ნუ მოიკლებთ მზის სხივებს

მზის სხივების დეფიციტი, D ვიტამინის ნაკლებობა, ცუდ გუნება-განწყობასთან პირდაპირ კავშირშია. ამას სეზონური აფექტური აშლილობის პროვოცირებაც კი შეუძლია, რომელიც შემოდგომასა და ზამთარში იჩენს ხოლმე თავს. დღისით, მზიან ამინდში გარეთ გასეირნება ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია, რომელიც ხასიათის გამოკეთებაში, იმუნური სისტემის, ენერგიის დონისა და ძილის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

იკვებეთ ჯანსაღად

ჯანსაღი საკვების მირთმევა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმრთელობის წინაპირობაცაა. მრავალფეროვანი და სასარგებლო ვიტამინების, მინერალების, ცხიმების, ცილებისა თუ ბოჭკოების მიღება თავს უკეთ გაგრძნობინებთ. აღსანიშნავია ვიტამინი B12 (რძის ნაწარმი, თევზი, კვერცხი), B6 (ბანანი, ბარდა, მწვანე ბოსტნეული და მწვანილი), ტრიპტოფანი, თუთია და სელენი (თხილეული, სელის თესლი, გოგრის კურკა).

ფოტო: pinimg

ივარჯიშეთ

ფიზიკური აქტივობა ადამიანისთვის ძალიან საჭირო რამაა. ის სხეულის ტონუსში ყოფნას და მის ნორმალურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამ დროს დოფამინის, ადრენალინისა და სეროტონინის დონე იმატებს, რაც ჩვენზე დადებითად აისახება. ეცადეთ, ყოველკვირა ჯამში საშუალო დატვირთვით 150 წუთი, მძიმე დატვირთვით კი 75 წუთი ივარჯიშოთ.

მოერიდეთ ალკოჰოლს

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ძილის პრობლემებს. ფსიქიკურ აშლილობებს, შფოთვასა და დეპრესიას ართულებს. ის, გარკვეულწილად, სიცოცხლით ტკბობის უნარსაც გვიქვეითებს, რაც, რა თქმა უნდა. ცუდ განწყობას ნიშნავს. შესაბამისად, სასურველია მისი მოხმარება სრულად შეწყვიტოთ ან რაოდენობა საგრძნობლად შეამციროთ.

დაბოლოს, თუ თქვენი მდგომარეობა უბრალო მოწყენის საზღვრებს სცდება, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით ფონს ვერ გახვალთ. ამ შემთხვევაში, ისევ და ისევ, მიმართეთ სპეციალისტს.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.