უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ოკუპანტების მხრიდან ტყვეების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ამ შემთხვევების შესახებ ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროებისგან შეიტყო, რომლებიც ახლა სამედიცინო ცენტრებში მკურნალობენ.

დენისოვა წერს, რომ წამებას განსაკუთრებული სისასტიკით უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და აზოვის სპეციალური ძალების სამხედროების წინააღმდეგ იყენებდნენ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ოკუპანტებმა ამ უკრაინელების დიდი ნაწილი მარიუპოლში აიყვანეს. თავდაპირველად ისინი დონეცკში წინასწარი დაკავების იზოლატორსა და კოლონიაში ჰყავდათ. მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით რუსმა სამხედროებმა უკრაინელი სამხედროები რუსეთის ქალაქებში წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

"გადაყვანის დროს სამხედროებს თვალები ახვეული ჰქონდათ, თავზე ტომრები ეხურათ, ხელები კი თოკებით ჰქონდათ შეკრული. ტყვეობაში უკრაინელ სამხედროებს აწამებდნენ, მკვლელობით ემუქრებოდნენ, სცემდნენ და ამცირებდნენ", — წერს დენისოვა.

დენისოვა წერს, რომ მძევლად აყვანილი უკრაინელების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, წითელ ჯვარს მხოლოდ ტყვეთა გაცვლამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნეს.

ის ამბობს, რომ ტყვედ აყვანილ უკრაინელებს არ ჰქონდათ წვდომა საკმარის საკვებსა და წყალზეც. ტყვეებს ახლობლებთან დაკავშირების უფლებაც არ მისცეს. დენისოვას თქმით, გამოკითხვისას ტყვეებს მუხლებზე აჩოქებდნენ, იყენებდნენ ბრტყელტუჩას, ელექტროშოკს და ავტომატის კონდახს.

როგორც სახალხო დამცველი წერს, სამხედროებს აიძულებდნენ დაემახსოვრებინათ რუსული ლექსი, რუსეთის ჰიმნი, ასევე, რუსეთის ფედერაციის დროშისა და გერბის შექმნის ისტორია. სახალხო დამცველის თქმით, 2-3 კაციან საკნებში 17-20-მდე ადამიანი მაინც ჰყავდათ.

"აბაზანის ნაცვლად — ვედრო. ქალებს ჩამოერთვათ ჰიგიენური საშუალებები და დაბანის შესაძლებლობა. მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა — უკრაინელი ტყვე კაცები მათ თვალწინ სასტიკად სცემეს. ტყვე ქალებსაც აიძულებდნენ სქესობრივ აქტს", — წერს დენისოვა.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ამ სისხლის სამართლის დანაშაულებით ომის ტყვეების ის უფლებები დაარღვიეს, რაც ჟენევის კონვენციითაა დაცული. დენისოვა გაეროს კომისიას მიმართავს, გამოიძიონ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.