საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდეს შეწყვიტოს ცეცხლი და გაიყვანოს სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან. როგორც CNN წერს, ამის შესახებ გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა.

გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი "თავიანთი ინიციატივით" 80 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ პუტინს.

"გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მოითხოვეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა. მათ მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს, ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტთან. იპოვოს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზა", — ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესრელიზში.

მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის გაყინულია. ზელენსკი საუბრობს, რომ მზად არის პუტინს პირისპირ შეხვდეს. გასულ კვირას Reuters-თან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ კიევი არ მიიღებს მოსკოვთან რაიმე შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ტერიტორიის დათმობას.