რუსების მიერ ოკუპირებულმა ხერსონის ოლქმა უკრაინის მიერ კონტროლირებად რეგიონებთან ე.წ. საზღვრები ჩაკეტა და ამტკიცებს, რომ ეს "უსაფრთხოების მიზნით" კეთდება. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეზე, კირილ სტრემუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 მაისს სტრემუსოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აპირებენ, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციაში შესვლის თხოვნით მიმართონ.

აქამდე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ხერსონში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმებოდა. ხერსონში ხშირად იმართებოდა ანტისაოკუპაციო აქციები, რომლებიც არაერთხელ დაარბიეს.

25 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის აღების გამარტივებას. ეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა ომის დანაშაულებრივი მიზნების.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.