თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორის, გვანცა ჯობავას განცხადებით, წელს პირველად, დაახლოებით 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კულტურის სამინისტრო ფესტივალის მხარდამჭერი აღარაა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს პირადად თეა წულუკიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა.

"აღარ არის არა იმიტომ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვერ გავიმარჯვეთ, არამედ იმიტომ რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით ლიტერატურა ფესტივალებს საერთოდ არ საჭიროებს.

გაგიკვირდებათ და სფერო, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე, ფრანკფურტის ფესტივალზე ყველაზე წარმატებული მონაწილეობით ლამის მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, არ აღმოჩნდა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ფესტივალების კონკურსის ჩამონათვალში, იქ იყო ყველაფერი, კინო, მუსიკა, ბალეტი, ოპერა და სხვა, მაგრამ არა ლიტერატურა. ჰოი, საოცრებავ!

შესაბამისად, განმარტებაც არ აღმოჩნდა საჭირო, რატომ და რისთვის ჰკრა წიხლი კულტურის სამინისტრომ ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მთელი ქალაქისთვის საყვარელ ფესტივალს", — წერს ის.

მისი თქმით, ფინანსური პრობლემების გამო, საგამომცემლო სექტორს, ლიტერატურის სფეროს, ათიათასობით მკითხველს და ქალაქს, შეიძლებოდა, 23-წლიანი ისტორიის შემდეგ, წიგნის ფესტივალი დაეკარგა და სწორედ ამას მიიჩნევს ჯობავა მიზნადაც.

"სწორედ ეს იყო მიზნადაც დასახული — დავეტოვებინეთ იმ ფესტივალის გარეშე, რომელიც ყველასია, სადაც ყველას ხმა ისმის, განურჩევლად ასაკისა, გემოვნებისა, მრწამსისა, საერთოდ ყველაფრის განურჩევლად, ამიტომ იშვიათად იპოვით მწერალს, ლიტერატორს, გამომცემელს, რომელიც ერთხელ მაინც არ ასულა ჩვენი ფესტივალის სცენაზე, ერთხელ მაინც არ მოსულა ჩვენთან და ძალიან დიდი სიყვარული არ მიუღია", — აღნიშნავს ის.

ჯობავა წერს, "სამარცხვინოა ასე ხელაღებით ანგრევდე ყველაფერ ფასეულს", რაც ქართულ კულტურაში მრავალი წელი იქმნებოდა. მისივე თქმით, "სამარცხვინოა ებრძოდე ყველაზე არასამართლიანი მეთოდებით, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა".

ამასთან დაკავშირებით On.ge კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.