სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა, პროფკავშირებთან ერთად, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს. "ვითხოვთ ხელფასის მომატებას 100%-ით", "სასწრაფო ითხოვს ღირსეულ სამუშაო პირობებს", ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს", — ეწერათ აქციის მონაწილეებს ბანერებზე.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, აქციის შემდეგ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ხელფასი არ შემცირებულა, სასწრაფოს თანამშრომლებს მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა.

"ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები იქნა მოსმენილი და გათვალისწინებული. უნდა აღინიშნოს, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.

ხაზგასასმელია, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ", — წერის განცხადებაში.

უწყება აცხადებს, რომ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი — თვეში 192 საათიდან 156 საათამდე.

მათი თქმით, სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1200 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს. წერენ, რომ საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2000 ლარს, ექიმის 1700 ლარს, ექთნის 1300 ლარს, მძღოლის 1200 ლარს შეადგენს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტის განცხადებით, მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24 საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). ასევე, აცხადებენ, რომ მათ ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10%-ით გაეზარდათ ხელფასები.