"სიმართლე გითხრათ, თქვენი გამოსვლის პირველი ნაწილი გავიგე შემდეგნაირად, რომ საქართველო ნამდვილად მიერთებია საერთაშორისო სანქციებს, ამიტომ, როგორც იტყვიან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში — ესე იგი, ომი გინდათ, ხომ?" — ამ სიტყვებით მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პრემიერმინისტრს. მისი თქმით, ღარიბაშვილისა და უმრავლესობის განცხადებებში აცდენაა, რადგან ყველას, ვინც ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციებს უნდა მივუერთდეთ, მათ შორის, ფინანსურად, ომის მსურველებად წარმოაჩენენ.

მსგავსი ფრაზა ღარიბაშვილს უთხრა ლელოს დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმაც და ხაზი გაუსვა, რომ აქამდე მმართველი გუნდი ამას უარყოფდა.

"დღევანდელი თქვენი გამოსვლიდან ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველო მიერთებული ყოფილა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ანუ, ის რასაც კატეგორიულად უარყოფდით თქვენც და თქვენი მთავრობაც, არ იყო მართალი", — განაცხადა მან.

დეპუტატებმა ამ ფორმით პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა შეაფასეს, რომელშიც მან ისაუბრა იმაზე, თუ რა გაუკეთეს უკრაინას. ღარიბაშვილმა მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო მხარდამჭერი რეზოლუციები, განცხადებები, ჰუმანიტარული ტვირთი, სკოლებში ბავშვების მიღება და შეღავათები ლტოლვილებისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას არ აპირებს, მაგრამ მისივე თქმით, არ დაუშვებს სანქციების გვერდით ავლას.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და სანქციების მონაწილე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ან იქაური წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი და საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის დაწესებულ ფინანსურ პოლიტიკასთან შესაბამისობაში.

მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, სანქციების დაწესებას და სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთას.

"პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა იმაზე, თუ რას აკეთებს ქვეყანა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდეს და ესეც კი ვერ გაიგო ოპოზიციამ. 2 გამომსვლელი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ თურმე ეს ყოფილა სანქციები. სანქციებს და გვერდის ავლას რომ ვერ არჩევენ, ეს არის საოცრება და ასეთ ხალხს რა ველაპარაკოთ, არ ვიცი", — განაცხადა მან.

დღეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ინტერპელაციის პროცედურა იმართება. ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უკვე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს ირაკლი ღარიბაშვილი. მოგვიანებით კი პარლამენტის წინაშე ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე წარსდგებიან.