პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, არცერთ სანქცირებული კომპანიასა თუ ინდივიდს არ მისცემენ საშუალებას, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოიყენონ. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის პროცედურის დროს ისაუბრა.

"ეს არაერთხელ განგვიცხადებია და კიდევ ერთხელ, მინდა ამ ტრიბუნიდან განვაცხადო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, არ მივცემთ არცერთ სანქცირებულ კომპანიასა თუ ინდივიდს, ფიზიკურ პირს, რომ გამოიყენოს საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

არცერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქრებულა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაერთი, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება გვესმის, როგორც ოპოზიციის, ასევე, სამწუხაროდ უკრაინის მთავრობის მხრიდან", — თქვა მან.

ღარიბაშვილის ამბობს, რომ სანქციებზე პარტნიორებთან ყოველდღიურ რეჟიმში ცვლიან ინფორმაციას. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი და საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის დაწესებულ ფინანსურ პოლიტიკასთან შესაბამისობაში, ხოლო საბაჟო კონტროლი გამკაცრდა.

"რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების საბაჟო კონტროლის გასაძლიერებლად, გამშვებ პუნქტ ყაზბეგში გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა და დამატებით განთავსდა რენდგენ-სკანერები და არის სრული კონტროლი. ასევე, საბაჟო რისკების მართვის სპეციალური ჯგუფების მიერ შეიქმნა ახალი საბაჟო რისკების პროფილები სამხედრო და ორმაგი დანიშნულების, ასევე, ყველანაირ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილი არის სანქციების სიაში", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და სანქციების მონაწილე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ან იქაური წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში. მისივე მტკიცებით, ეს მაქსიმალურად აღკვეთს საქართველოს გამოყენებით სანქციების თავის არიდების შესაძლებლობას.

ამასთან, პრემიერმინისტრი ისევ იმეორებს, რომ რუსეთისადმი ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებიათ და არც აპირებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა მიზეზად ამჯერადაც "ეროვნული ინტერესების დაცვა" დაასახელა.

დღეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ინტერპელაციის პროცედურა იმართება. ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უკვე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მოგვიანებით კი პარლამენტის წინაშე ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე წარსდგებიან.