ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სირცხვილს უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 მაისის ღონისძიებაზე სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. კობახიძე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა სასამართლო ინსტიტუტის დაზიანებას სცადა, თუმცა ამით პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა.

"ამ არასწორი განცხადებით, მან სცადა, რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის, ანუ, ინსტიტუტის დაზიანება, თუმცა სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, ოპოზიცია რომ აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის, ბუნებრივია, სერიოზული პრობლემა და სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს", — ამბობს ის.

ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ:

"ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ".