საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ისაუბრა იმაზე, რატომ არ გასაჯაროვდა ევროკავშირის კითხვარზე მთავრობის გაცემული პასუხები. რამდენიმე მიზეზს შორის მან ისიც დაასახელა, რომ გაგაზავნილი დოკუმენტი ჯერ სამუშაო ვერსიაა და შეიძლება, ცვილებები შევიდეს.

თავდაპირველად დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არცერთ ქვეყანას არ ჰქონდა ვალდებულება, გაესაჯაროებინა კითხვარი, თუმცა მთავრობამ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე" ეს გააკეთა. რაც შეეხება პასუხებს, მან თქვა:

"პირველ რიგში, ჩვენ გაგზავნილი დოკუმენტი შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მუშა დოკუმენტი, პროცესში ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. შესაძლებელი არის, მაღალი ალბათობაა, რომ სამუშაო პროცესში გამოიკვეთოს, ასევ თქვათ, ზოგიერთ პასუხთან მიმართებაში სხვადასხვა პოზიცია, რომელიც შეიძლება, დაკორექტირდეს ან არა. ამიტომ, ეს მუშა პროცესია და შესაბამისა,დ დოკუმენტი, რომელსაც არ აქვს ჯერ საბოლოო სახე მიღებული ჩვენ ამას, ერთის მხრივ, ვერ გავასაჯაროებდით. თუმცა, მოვა დრო, როდესაც ეს დოკუმენტი გასაჯაროვდება", — განაცხადა მან.

გარდა ამისა, დარჩიაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ კითხვარის შევსება იყო საქართველოს მთავრობის "პირდაპირი კომპეტენცია". მისივე თქმით, სხვების ჩართვის და ინკლუზიურობის დრო არ ჰქონდათ.

"ზუსტად ერთი თვე, ერთი თვის განმავლობაში მოვახერხეთ და შევქმენით დოკუმენტი, რომელიც 3 000 გვერდისგან შექმნებოდა. ინკლუზიურობა ამ პროცესში ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რადგან ინკლუზიურობა მხოლოდ ტრაფარეტული არ უნდა იყოს და უნდა მოიცავდეს ფართო განხილვებს. უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ამის დრო არ ჰქონდა", — განაცხადა მან.

დარჩიაშვილმა განმარტა ისიც, რა მოლოდინები აქვს მთავრობას სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთხმად მხარდაჭერა სჭირდება.

"აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად, საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზადაა, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. მეტიც, ის ამას ნამდვილად იმსახურებს", — აღნიშნა მან.