ახალმა სამოქალაქო ინიციატივამ ევროკავშირში გაწევრებაზე მანიფესტი წარადგინა. ახალი კამპანიაში გადადგი ნაბიჯი ვეროპისკენ მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიების, ხელოვნების, კულტურისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები იღებენ.

მათი განცხადებით, მიუხედავად, შესაძლო გარკვეული განსხვავებებისა, გაერთიანდნენ იდეის გარშემო, რომელსაც საქართველოს ევროპული არჩევანი ჰქვია და ხალხთან ერთად დიდ საზოგადოებრივ პროცესს იწყებენ.

"თუკი ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის და ხალხის საამაყო გზის გაგრძელებაა, რადგან ღირსება და თავისუფლება ქართველების ცხოვრების წესი და რაობაა, და სხვანაირად არ და ვერ ვიცხოვრებთ — ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს", — ვკითხულობთ მანიფესტში.

ასევე, ხაზგასმულია, რომ საქართველოსთვის ახლა ისტორიული ეტაპი დგება და რამდენიმე კვირაში ქვეყნისა და ხალხის მომავალი გადაწყდება. მანიფესტის ავტორები ამბობენ, რომ ხალხი მკაფიოდ და ცალსახად ირჩევს ევროკავშირს, რადგან: ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს, კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული იყოს, სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული.

"ამიტომ დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროკავშირს. ეს ჩვენი წინაპრების, თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისა და განვითარებისთვის ბრძოლის ღირსეული გაგრძელებაა, რამაც თავისუფალი სამყაროს ნაწილად უნდა გვაქციოს, ხოლო ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრება უზრუნველყოს. მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან , თუ რა გავაკეთეთ, თუ რა გააკეთე შენ, როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა", — ვკითხულობთ მანიფესტში.