"როგორც ჩანს, არ შეიძლებოდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო უარეს დროს ჰყოლოდა ქვეყანას მსგავსად არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი", — ასე შეაფასა პარტია ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პარლამენტში გამოსვლა.

სამადაშვილის თქმით, დარჩიაშვილისგან დეპუტატებმა არა მხოლოდ კითხვებზე პასუხი, არამედ ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით, პოლიტიკური მხარდაჭერის "ვერანაირი ნიშანი" ვერ მოისმინეს.

"დიდი ინტერესით ველოდებოდი თქვენს გამოსვას, აქ ბატონო მინისტრო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი დანიშნული ბრძანდებით ამ პოსტზე და ვფიქრობ, რომ ალბათ, ყველანი გაოცებული დავრჩით. როგორც ჩანს, არ შეიძლებოდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო უარეს დროს ჰყოლოდა ქვეყანას მსგავსად არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება დღეს სწორედ საგარეო ასპარეზზე. იმიტომ, რომ ვერ მოვისმინეთ თქვენგან, არათუ ვერცერთ კითხვაზე პასუხი, არამედ, ვერ მოვისმინეთ, ვერანაირი საერთოდ ნიშანი რამე პოლიტიკური მხარდაჭერის, ჩვენს ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით", — თქვა სამადაშვილმა.

დეპუტატმა დასვა კითხვა, აქვს თუ არ ვინმეს სურვილი ევროპაში, რომ საქართველოს ხელისუფლების პირობებში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მისცეს. ამასთან, აღნიშნა, რომ ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვასთან დაკავშირებით მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ეს არ გაუკეთებია.

"სად არის საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რატომ არ არის მსგავსი რეზოლუცია არათუ მიღებული, არამედ პარლამენტის დღის წესრიგშიც კი არ არის შეტანილი. მინდა შეგახსენოთ, მხოლოდ ერთი სესია რჩება ევროპარლამენტს ევროკავშირის ისტორიული ჰგადაწყვეტილების მიღებამდე", — აღნიშნა დეპუტატმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.