ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად მოკლული ერთ-ერთი მასწავლებლის ქმარი გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მოკლული ქალის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. შეგახსენებთ, რომ ტეხასის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში არასრულწლოვანი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, რასაც 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი ემსხვერპლა.

გულის შეტევით გარდაცვლილმა ჯო გარსიამ და მისმა ცოლმა, ირმა გარსიამ, ერთმანეთი საშუალო სკოლაში გაიცნეს და 24 წლის წინ დაქორწინდნენ. ირმას ერთ-ერთმა ძმისშვილმა გასულ ხუთშაბათს ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას ჯო გარსიას გარდაცვალების შესახებ აცნობა. "ვერ ვპოულობ სიტყვებს იმის გამოსახატად, თუ როგორ ვგრძნობთ თავს მათი ახლობელი ადამიანები", — ვკითხულობთ პოსტში.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს 4 შვილი ჰყავდა. მოკლული ქალის ბიძაშვილმა GoFundMe-ზე ოჯახისთვის უკვე 100 ათას დოლარზე მეტის შეგროვება შეძლო, რაშიც უამრავმა ადამიანმა საკუთარი წვლილი შეიტანა. "მე მჯერა, რომ ჯო იმ ადამიანის დაკარგვის გამო გარდაიცვალა, რომელიც 30 წელზე მეტ ხანს უყვარდა", — წერს ქალი მისი ბიძაშვილის ქმარზე.

ირმა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ტეხასის დაწყებით სკოლაში მუშაობდა და იქ ორ ათწლეულზე მეტი გაატარა."მან კლასში ბავშვების დაცვას შესწირა თავი, ის ნამდვილი გმირი იყო, ბევრ ადამიანს უყვარდა და ძალიან მომენატრება", — წერს მოკლული ქალის ბიძაშვილი.