უკრაინისა და ფინეთის პრემიერმინისტრები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი უკრაინას იმ რეფორმების გატარებაში დაეხმარება, რომლებიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ინფორმაცია უკრაინის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე ევროპული ოჯახის წევრია. მისი თქმით, მხარს უჭერენ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებას ყველა ეტაპზე.

ამას გარდა, პრემიერმინისტრები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი უკრაინას დაეხმარება როგორც განათლების სექტორის აღდგენასა და რეფორმირებაში, ასევე ინფრასტრუქტურის სამომავლო რეკონსტრუქციაში მოწინავე ტექნოლოგიებისა და ევროპული პარამეტრების გამოყენებით. მათი თქმით, ფინეთი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ქალაქების რეკონსტრუქციაში.