ამერიკელ მსახიობსა და პროდიუსერს, კევინ სპეისის, სექსუალური ძალადობის ოთხ შემთხვევაზე ბრალი წაუყენეს. 62 წლის სპეისის ინგლისსა და უელსში მოქმედი პროკურატურის სამსახური სამ კაცზე ძალადობაში ადანაშაულებს.

სხვადასხვა ასაკის ბრალმდებლებმა საგამოძიებო უწყებას დანაშაულის გარემოებებისა და სხვა დაზუსტებული დეტალების შესახებ აცნობეს. ბრალდებები მოიცავს როგორც სექსუალური შევიწროების, ასევე ძალისმიერი სქესობრივი კავშირის შემთხვევას.

პროკურატურის წარმომადგენლის, როუზმერი ეინსლის განცხადებით, სამართლებრივი დევნა სპეისის წინააღმდეგ აქტიურ ფაზაშია და მსახიობს სამართლიანი სასამართლოს უფლება აქვს. უწყება ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს, საჭირო იქნება თუ არა აშშ-ის მოქალაქე მსახიობის ექსტრადირება გაერთიანებულ სამეფოში.

ორგზის ოსკაროსანი მსახიობი, კევინ სპეისი, სექსუალურ ძალადობაში ჯერ კიდევ 2017 წელს დაადანაშაულეს. მას შემდეგ საქმეში ახალი ბრალდებებიც გაჩნდა, თუმცა, ერთ-ერთი მოსარჩელის გარდაცვალების მერე გამოძიება შეწყდა. მოგვიანებით, მსახიობის კიდევ ერთი ბრალმდებელიც დაიღუპა.

გახმაურებული ბრალდებების მიუხედავად, მსახიობმა გასულ წელს ახალი როლი მიიღო.