უკრაინაში დაკავებულმა ორმა რუსმა ჯარისკაცმა დანაშაული აღიარა. ალექსანდრე ბობოკინსა და ალექსანდრე ივანოვს ჯგუფური შეთქმულებით ომის კანონებისა და წესების დარღვევა ედებათ ბრალად.

გამოძიებით დადგინდა, რომ მათ 24 თებერვალს რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან ხარკოვის რეგიონის მიმართულებით გრადის რაკეტები ისროლეს.

საქმის მასალების მიხედვით, დამნაშავეებმა ცეცხლი გაუხსნეს და დააზიანეს სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათშორის კერძო სახლები. ჯარისკაცები უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დააკავეს.

უკრაინის სასამართლომ განაჩენი 31 მაისს უნდა გამოიტანოს.

23 მაისს ომის დანაშაულის გამო რუს სამხედროს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინა 14 000-მდე სავარაუდო სამხედრო დანაშაულს იძიებს. ლონდონში ვიზიტისას მან თქვა, რომ ყოველდღიურად ამ რიცხვს 100-დან 200-მდე ახალი შემთხვევა ემატება.