უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინა 14 000-მდე სავარაუდო სამხედრო დანაშაულს იძიებს. ლონდონში ვიზიტისას მან თქვა, რომ ყოველდღიურად ამ რიცხვს 100-დან 200-მდე ახალი შემთხვევა ემატება.

"დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 14 000 საქმე ომის დანაშაულზე და დაახლოებით 6 000, რაც მასთან კავშირშია. ეს იმას ნიშნავს, რომ რომ შემთხვევების დიდი რიცხვი გვაქვს და ყოველდღიურად ემატება — 100, 200 შემთხვევა, გააჩნია დღეს", — თქვა მან.

ვენედიქტოვა აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში 1 000-ზე მეტი სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობები განადგურდა. აღნიშნა, რომ დანაშაულების დიდი ნაწილი მოქალაქეების მკვლელობას, მაროდიორობასა და გაუპატიურებას შეეხება.

გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ პროკურორის ოფისმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან გენოციდის სამხილების ძიებაც დაიწყო. ვენედიქტოვა ამბობს, რომ რთული იქნება გენოციდის გამოძიება რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

"მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ უკრაინაში გენოციდია. რატომ? იმიტომ, რომ ისინი, ვგულისხმობ, რუსი სამხედროები და რუსეთის უმაღლესი მეთაურები მოვიდნენ, რათა გაანადგურონ უკრაინის სახელმწიფო, მოეკლათ ყველა უკრაინელი. მათ სურთ, ეს მიწა რუსეთის ფედერაციის ნაწილი იყოს", — თქვა მან.

ვენედიქტოვას თქმით, ომის დანაშაულების გასამართლებას უკრაინის სასჯელაღსრულების ორგანოები უნდა გაუძღვნენ, თუმცა თქვა ისიც, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა მიიღოს მონაწილეობა რუსეთის გენერლების და მაღალჩინოსნების გასამართლებაში, მათ შორის, პუტინის გასამართლებაშიც.

"ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის დიდი თევზი, საერთაშორისო სამართლიანობის თევზი", — თქვა ვენედიქტოვამ.

პირველ რუს სამხედროს, რომელიც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.