აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი წერს, რომ უკრაინაში, ახალ სკოლაში ბავშვები ქართულ ენას ისწავლიან.

"დამოუკიდებლობის დღის საჩუქარი მოვიდა უკრაინიდან. ახალ სკოლაში უკრაინელი პატარები ქართულ ენას ისწავლიან", — წერს ის.

13 აპრილს საკუთარ ფეისბუქგვერდზე მაქარაშვილმა პოსტი დაწერა, სადაც ქართველ ხალხს ერთობლივი ძალებით ბუჩაში საბავშვო ბაღის აშენებას სთავაზობდა. ის წერდა, რომ საჭირო იყო ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ნებართვისთვის, არქიტექტორების შესრულებული პროექტი, ქართველი მშენებლები და ფული.

პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა. ზოგიერთი მას მშენებლობაში დახმარებას სთავაზობდა, ზოგი კედლების მოხატვას, ნაწილი კი ყველანაირად გვერდში დგომას.

5 მაისს კი თქვა, რომ ბუჩას მერიამ ოფიციალურად მისცა საბავშვო ბაღის მშენებლობის უფლება. მოგვიანებით, 10 მაისს აქტივისტმა დაპოსტა, რომ ბუჩაში პირველივე შეხვედრის დროს სკოლის აშენების საჭიროებაზეც ისაუბრეს.

"ბევრს ადამიანს დავურეკე, ბევრს შევხვდი, ბევრი უძილო და დარდიანი ღამე გამოვიარეთ და აგერ ბატონო, ვაშენებთ ორივეს", — წერდა ის.