პოლონეთში საქართველოს მოქალაქემ ცოლი მოკლა. როგორც On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლონეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია და დაიწყება შესაბამისი პროცედურები.

"საგამოძიებო სამუშაოების გათვალისწინებით, პირველივე შესაძლებლობაზე მოხდება გადმოსვენება", — ამბობენ უწყებაში.

საფარის აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადებით, ქალმა დახმარებისთვის რამდენიმე დღის წინ მათ მიმართა. 21 მაისს კი ორგანიზაციას ისევ დაუკავშირდა, უთხრა, რომ ნაცემია და პოლიციის დახმარება სურდა. პატარაია წერს, რომ პოლიცია გამოუძახეს, სამართალდამცავებმა კი ქალს უთხრეს, რომ თარჯიმანი ენახა და მათთან თავად მისულიყო.

ორგანიზაცია საელჩოს დაუკავშირდა, რომელიც პატარაიას თქმით, "სრულიად უმაქნისი და უუნარო გამოდგა". საფარმა შსს-საც მიმართა, მათ კი საქმეში ატაშე ჩართეს. პატარაია წერს, რომ კაცი დააკავეს, თუმცა ისევ გამოუშვეს. მისის თქმით, ქალთან ბოლო კავშირი 23 მაისს ჰქონდათ, 25 მაისს კი ქმარმა მოკლა.