აშშ-ის ქალაქ პორტლენდში 71 წლის ქალი, სახელად ნენსი კრემპტონ ბროფი, ქმრის მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნეს. ერთ-ერთი დეტალი, რითაც ნენსის საქმემ მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიიქცია ისაა, რომ მან 2011 წელს ესე, სახელად "როგორ უნდა მოკლა ქმარი" დაწერა.

ნენსი 63 წლის ქმრის, დენიელის მკვლელობაში დამნაშავედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ცნო. ბრალდების მხარემ ნაფიც მსაჯულებს უთხრა, რომ ნენსი ანგარებით მოქმედებდა — მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ქმრის სიცოცხლის დაზღვევით ფულის მიღება უნდოდა. ნენსი ამ ბრალდებას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის ფინანსური პრობლემები უკვე თითქმის მოეგვარებინა, შესაბამისად, ქმრის მოკვლის მოტივი არ ჰქონია.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაირკვა, რომ მკვლელობის დღეს ნენსი ქმრის სამუშაო ადგილთან — კულინარიულ ინსტიტუტთან იმყოფებოდა. ამასთან, ნენსის ზუსტად იმ მოდელის იარაღი აღმოაჩნდა, რომლითაც დენიელი მოკლეს.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ ნენსის ესეს, "როგორ უნდა მოკლა ქმარი", მტკიცებულებად განხილვა სასამართლოზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რადგან ის ნენსიმ მკვლელობამდე 7 წლით ადრე დაწერა.

ნენსის სასჯელის ზომას ივნისში განუსაზღვრავენ. მისი ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.