ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. განცხადება ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივცემული წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიდის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზაზე", — აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ლუკაშენკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ხალხის "ურთიერთთანაგრძნობა და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი" ყოველთვის იყო და რჩება ბელორუსულ-ქართული "მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო" საფუვლად, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა, რომელსაც 3 წლის შემდეგ წითელი არმია დაესხა თავს და ოკუპაცია მოახდინა.

რუსეთის 70-წლიანი ბატონობისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგა.

დღეს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები, პარტნიორები კი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ქართველ ხალხს.