წიგნის ფესტივალი გამომცემლობებისა და მკითხველების შეხვედრის ადგილია. იმისთვის, რომ ეს შეხვედრა ორივე მხარისათვის განსაკუთრებულად სასიამოვნო და საინტერესო იყოს, გამომცემლობები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. ქარჩხაძის გამომცემლობა, რომელსაც ქართული წიგნის ბაზარზე მრავალწლიანი ისტორია და ურყევი რეპუტაცია აქვს, წელს რამდენიმე ბესტსელერს გთავაზობთ. გამომცემლობის სრულ კატალოგს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ, ჩვენ კი იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომლებმაც განსაკუთრებით დაგვაინტერესეს.

1. რალფ ელისონის "უჩინარი"

"უჩინარი" პირველად 1952 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა აღიარება. წიგნი ბესტსელერების სიაში 16 კვირის განმავლობაში იკავებდა ადგილს. ერთი წლის შემდეგ კი ამერიკის წიგნის პრემიაზე წარადგინეს, სადაც ჯილდო სწორედ მან მოიპოვა.

რალფ ელისონის "უჩინარი" იმ იშვიათ რომანთაგანია, რომელთაც ამერიკული ლიტერატურის რაობა შეცვალეს. ნაწარმოებში შავკანიანი მთავარი გმირი, რომელიც ამერიკის სამხრეთის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს, იძულებული ხდება, დამამცირებელ ფიზიკურ ორთაბრძოლაში ჩაებას, რათა განათლებისისათვის საჭირო თანხა მოიპოვოს.

წიგნი მიმოიხილავს იმ სოციალურ თუ ინტელექტუალურ საკითხებს, რომლებიც ამერიკის აფროამერიკელი მოსახლეობისათვის მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო აქტუალური: რასობრივი პოლიტიკა და მარქსიზმი, სოციალური ცვლილებები, აქტივიზმი და იდენტობა.

წიგნი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.

2. კოლუმ მაკკენის "აპეიროგონი"

გეომეტრიაში აპეიროგონი მრავალკუთხედს აღნიშნავს, რომელსაც უსასრულო რაოდენობის გვერდები აქვს. ასეთივე მრავალმხრივია კოლუმ მაკკენის რომანი, რომელიც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ფონზე მეგობრობის, სიყვარულის, მიკუთვნებულობისა და ადამიანური დანაკარგების ისტორიას გვიყვება.

აპეიროგონი 2020 წელს გამოიცა და ბუკერისა და ენდრიუ კარნეგის მედლის ნომინანტი გახდა, იყო დუბლინის ლიტერატურული პრემიის ფინალისტი და ებრაული წიგნის ეროვნული პრემიის გამარჯვებული.

ბოლო დროს ამ ორ ქვეყანას შორის განვითარებული მოვლენები ნაწარმოებს კიდევ უფრო საინტერესოსა და აქტუალურს ხდის. აპეიროგონი ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია და ნამდვილი ლიტერატურის მოყვარულებს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს.

ქართველი მკითხველი ამ საინტერესო ავტორს ქართულ ენაზე პირველად გაეცნობა.

3. დელია ოუენსის "იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან"

მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ყველას სმენია "მარშის გოგოს" შესახებ, რომელიც ჭაობში ცხოვრობს, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. როცა სოფლის ყველასთვის საყვარელ მაცხოვრებელს, ჩეისი ენდრიუსს მოკლულს პოულობენ, ადგილობრივებს მყისიერად "ველურ გოგოზე" მიაქვთ ეჭვი.

თუმცა კაია ისეთი არაა, როგორიც ჰგონიათ. სკოლის ნაცვლად, გაკვეთილებს ბუნებისაგან სწავლობს და სამყაროს შესახებ წარმოდგენას ციცინათელებზე დაკვირვებით იქმნის. კაიას შეუძლია, მარტოობაში წლობით იცხოვროს, თუმცა, როგორც ყველა ადამიანს, მასაც აქვს შეხების, სითბოსა და სიყვარულის მოთხოვნილება.

წიგნი ზრდასრულობაში შებიჯების სირთულეებს მისტიკური ამბების პარალელურად გვიჩვენებს. დამაფიქრებელი, საინტერესო და ჩამთრევი — ასეთია 2018 წელს გამოცემული რომანი, რომელიც ზედიზედ 32 კვირა ლიდერობდა ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერების სიაში. დელია ოუენსის მკითხველი მალე ამ წიგნის ეკრანიზაციას იხილავს. ფილმის პრემიერა უახლოეს თვეებში იგეგმება.

4. ლილი კინგის "მწერლები და საყვარლები"

ქეისი ფიბოდი ერთ დროს გოლფის ვუნდერკინდი იყო, ახლა კი ოფიციანტია, ნესტიან ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს და გვერდით, გარაჟში, რომანს წერს, რომელზეც უკვე 6 წელია მუშაობს. ქეისი ისევ ებღაუჭება იმედს, რომ შემოქმედებით წარმატებას მიაღწევს. მას ერთდროულად ორი განსხვავებული კაცი უყვარდება, რომელთაც მის ცხოვრებაში დამატებითი ქაოსი შეაქვთ. ქეისი ცდილობს, საკუთარ შემოქმედებით ამბიციებსა და ცხოვრებისეულ საჭიროებებს ერთდროულად გაუმკლავდეს, რასაც ის უფსკრულის პირას მიჰყავს.

აღსანიშნავია, რომ "მწერლები და საყვარლები" იუმორით, სითბოთი და სიბრძნით გვიხატავს საოცარ პერსონაჟებს.

5. ჯულია ქუინი "ბრიჯერტონი"

"ჰერცოგი და მე" ჯულია ქუინის ცნობილი სერიის, "ბრიჯერტონის", პირველი წიგნია. რვა წიგნისგან შემდგარი რომანტიკული ისტორიული საგა, რომელიც მე-19 საუკუნის ლონდონის არისტოკრატიის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ნეტფლიქსმა სუპერ პოპულარულ სერიალად აქცია.

დაფნი ბრიჯერტონი, რომელიც შვიდ და-ძმასთან ერთად მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს, ლონდონის ყველა ახალგაზრდა მამაკაცს იცნობს, თუმცა სასიყვარულო თამაშებში სრულიად გამოუცდელია. მის ყურადღებას ჰასტინგსის ჰერცოგი, ხმაურიანი რეპუტაციის მქონე საიმონ ბასეტი იპყრობს, რომელსაც დაქორწინების არანაირი სურვილი არ აქვს.

საიმონის და დაფნის სასიყვარულო ისტორია წვეულებების, შეკრებებისა და ოჯახთაშორისი დრამების ფონზე ვითარდება. მე-19 საუკუნის ლონდონის მომაჯადოებელი ატმოსფერო სერიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

ამ წიგნების შეძენას ფესტივალზე, ქარჩხაძის გამომცემლობის სტენდთან დიდი ფასდაკლებით შეძლებთ, თუმცა გამომცემლობამ არც იმ მკითხველებს აწყენინა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ ესწრებიან წიგნის ფესტივალს. წიგნის შეძენისას ფასდაკლება გამომცემლობის ვებგვერდზეც მოქმედებს.