პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ ფასეულობებზე, რაც ევროპასთან გვაერთიანებს. მისი თქმით, ეს ეფუძნება 4 ძირითად პრინციპს:

  1. სამართლიან სასამართლოს;
  2. ადამიანის უფლებების პატივისცემას;
  3. შემწყნარებლობასა და მრავალფეროვნებას;
  4. ძალაუფლების დაბალანსებას ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად.

პრეზიდენტმა მიმოიხილა, რომ ეს ფასეულობები საქართველოში ყოველთვის დაცული იყო. მისი განცხადებით, სამართლიანი სასამართლო საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს, ამიტომ "ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ". მისივე თქმით, ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა მრავალფეროვნება და ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას. რაც შეეხება ძალაუფლების დაბალანსებას, მან მაგალითად მოიყვანა თამარ მეფის დროს აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა განმარტა, რომ მათი დაცვა არ არის "სხვისი ნაკარნახები ნების შესრულება".

"ამგვარად კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახები ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ პირიქით — ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა", — განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ისაუბრა კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

"დღეს, პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიაში უნიკალურ ადგილს და დაფასებას. არჩევანი თქვენია! არჩევანი ჩვენია!"

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა, რომელსაც 3 წლის შემდეგ წითელი არმია დაესხა თავს და ოკუპაცია მოახდინა.

რუსეთის 70-წლიანი ბატონობისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგა.

დღეს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები, პარტნიორები კი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ქართველ ხალხს.