ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი სმართ ქიდს ამერიკაშია და ისინი უკვე ესტუმრნენ ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრს.

პირველი მაისიდან ისინი Space Center University-ის სასწავლო პროგრამაში ჩაერთვნენ, სადაც ქართველი მოსწავლეები პირველად იღებენ მონაწილეობას.

სენაკის სკოლის ხუთი მერვეკლასელი ამერიკის ხმამ ჰიუსტონში ინახულა და მათ იდეასა და კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ესაუბრა.

კონკურსის მონაწილე ნათია შამათავა ამბობს, რომ მათი პროექტი, გეოლოგიური საფრთხეები, წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის, რომლის მიზანიცაა, მეწყერის მოახლოების შემთხვევაში, მოსახლეობის ადრე გაფრთხილება და მათი დაშავების ან სიკვდილიანობის თავიდან არიდება:

"ჩვენს ხელსაწყოში გამოყენებული გვაქვს სენსორები და მაგნიტები. მაგნიტები მაგრდებიან ნიადაგის ზედაპირზე, ხოლო ყველა სხვა სენსორი კი მათგან მოშორებით. ორი სენსორი ნიადაგში წარმოწმნილ ქანებს აღიქვამს, ჩვენ დავაწესეთ ზღვარი და იმ ზღვარზე გადაჭარბების შემთხვევაში გაიგზავნება SMS-ები დარეგისტრირებულ მოსახლეობაზე".

ახალგაზრდა გამომგონებლის თქმით, ეს მონაცემები როგორც პლანშეტებში ჩაწერილ აპლიკაციებზე მიუვა მოსახლეობას, ასევე გაიგზავნება ცენტრალურ სერვერზეც. შეიქმნება სპეციალური ბაზა, სადაც აბონენტები სრულად აღირიცხებიან, რომ ბუნებრივი კატაკლიზმის წინ გაფრთხილება მიიღონ.

გუნდის წევრი ალექსი ტყებუჩავა ამბობს, რომ მათ არ სურთ მოქალაქეებში ცრუ განგაში გამოიწვიონ, რისთვისაც გეოლოგებთან აპირებენ კონსულტაციების გავლას.

გამარჯვებული გუნდი Smart Kids-ის წევრები, ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი ჰიუსტონში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ.

ასტრონავტები კოსმოსში გაფრენამდე ნასას ყველაზე დიდ აუზში გადიან სწავლებას.

ფოტო: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

პროგრამის პირველ დღეს, გამარჯვებულები NASA Johnson Space Center-ს ესტუმრნენ, სადაც კოსმონავტების საწვრთნელი ბაზა დაათვალიერეს.

მეორე დღეს, ისინი სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან ერთად შეჯიბრში ჩაერთვნენ და საკუთარი გამოგონებებისთვის პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს.

ქართველმა მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ტრენინგ ცენტრი, სადაც ასტრონავტები კოსმოსში გაფრენამდე ნასას ყველაზე დიდ აუზში გადიან სწავლებას. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ინფორმაციით, მათ თვალწინ წყალქვეშა ტრენინგს გადიოდნენ NASA-ს შემდეგი მისიის ასტრონავტები.

გუშინ სმართ ქიდსის წევრებმა აკვალანგით ცურვის ტრენინგი გაიარეს.