აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, ქართველ ხალხს კარგად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულება.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს კარგად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე მიესწრაფოდეს ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", — ამბობს ის.

ბლინკენის განცხადებით, აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლისთვის, ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და უზრუნველყოფილი მომავლისთვის.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა, რომელსაც 3 წლის შემდეგ წითელი არმია დაესხა თავს და ოკუპაცია მოახდინა.

რუსეთის 70-წლიანი ბატონობისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგა.

დღეს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები, პარტნიორები კი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ქართველ ხალხს.

ამავე თემაზე: