რამდენადაც ვიცით, შეუძლებელია, ადამიანი მოძრაობდეს სინათლეზე დიდი სიჩქარით. მეტიც, სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობა ჩვენი მასის მქონე ობიექტს საერთოდაც არ შეუძლია.

თუმცა, შესაძლოა, გარკვეული უცნაური ნაწილაკების სინათლის სიჩქარეზე ორჯერ უფრო სწრაფად გადაადგილება შეეძლოთ — და ეს ამ ნაწილაკებს დროში უკან გაგზავნის.

უნივერსალური სიჩქარის ლიმიტი

ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თეორია ამჟამად არის ფარდობითობის თეორია, რომელიც შეიმუშავა ალბერტ აინშტაინმა. ამ თეორიის თანახმად, სინათლის სიჩქარე მოქმედებს როგორც უნივერსალური სიჩქარის ლიმიტი მასის მქონე ნებისმიერ ობიექტზე. ანუ, ვერაფერი აჩქარდება ისე როგორც სინათლე. უნივერსალური სიჩქარის ლიმიტი კი ზუსტად 299,792,458 მ/წმ-ს უდრის — ეს წამში დაახლოებით 300 000 კილომეტრია.

მასის მქონე ობიექტის ასაჩქარებლად, ენერგია უნდა დავამატოთ. რაც უფრო სწრაფად გვინდა, რომ ობიექტი მოძრაობდეს, მით მეტი ენერგია დაგვჭირდება.

ფარდობითობის განტოლებები გვეუბნება, რომ ნებისმიერი მასის მქონე — განურჩევლად იმისა, თუ რამდენი მასა აქვს მას — საჭიროებს უსასრულო რაოდენობის ენერგიას სინათლის სიჩქარემდე მისაღწევად.

თუმცა, ჩვენთვის ცნობილი ენერგიის ყველა წყარო სასრულია: ისინი გარკვეულწილად შეზღუდულია. სავარაუდოა, რომ სამყარო შეიცავს სასრულ ენერგიას. ეს ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის საკმარისი ენერგია, რომ მასის მქონე ობიექტი სინათლის სიჩქარემდე ავიდეს.

ვინაიდან მე და შენ გვაქვს მასა, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ მალე სინათლეზე ორჯერ მეტი სიჩქარით ვიმოგზაურებთ.

ტახიონები

ეს სიჩქარის ლიმიტი ვრცელდება ყველაფერზე, რასაც შეიძლება ვუწოდოთ "ჩვეულებრივი მასა". თუმცა, არსებობს ჰიპოთეტური ნაწილაკები, რომლებსაც ტახიონები ეწოდება. მათ სპეციალური სახის მასა აქვთ, რომელსაც ეწოდება "წარმოსახვითი მასა".

არ არსებობს მტკიცებულება ტახიონების არსებობის შესახებ. თუმცა, ფარდობითობის მიხედვით, მათი შესაძლო არსებობა არ არის გამორიცხული. თუ ტახიონები ნამდვილად არსებობს, ისინი ყოველთვის უფრო სწრაფად უნდა მოძრაობდნენ, ვიდრე სინათლის სიჩქარე. ისევე, როგორც ჩვეულებრივი მასის მქონე ობიექტს არ შეუძლია აჩქარდეს სინათლის სიჩქარეზე, ტახიონები პირიქით, სინათლის სიჩქარეზე ნელა ვერ იმოძრავებენ.

ზოგიერთი ფიზიკოსი თვლის, რომ თუ ტახიონები არსებობენ ისინი მუდმივად მოგზაურობენ დროში უკან. სწორედ ამიტომ ტახიონები ასოცირდება დროში მოგზაურობასთან ბევრ სამეცნიერო ფანტასტიკურ წიგნსა და ფილმში.

არსებობს იდეები, რომ ოდესმე ტახიონებისგან დროის მანქანას შევქმნით. თუმცა, ჯერჯერობით ეს შორეულ ოცნებად რჩება, რადგან ჩვენ არ გვაქვს ტახიონების გამოვლენის შესაძლებლობა.

ჭიის ხვრელები

და მაინც, სამწუხაროა, რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ვერ ვმოგზაურობთ. ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავი, მზის გარდა, 4,35 სინათლის წლის მანძილზეა დაშორებული. ასე რომ, სინათლის სიჩქარით მოძრაობისას ოთხ წელზე მეტი დაგვჭირდება იქ მისასვლელად.

თუმცა, ყველაზე შორეული ვარსკვლავი, რომელიც ოდესმე აღმოგვიჩენია, ჩვენგან 28 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. ასე რომ, სამყაროს სრულად ათვისება რთული ამბავია. მაგრამ ყურებს ნუ ჩამოვყრით, იმავე ფარდობითობის მიხედვით, ჭიის ხვრელების არსებობაცაა დაშვებული.

ჭიის ხვრელი არის მოკლე გზა სივრცის ნებისმიერ ორ წერტილს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი შეიძლება იყოს 4,5 სინათლის წლის მანძილზე ნორმალური თვალსაზრისით, ის შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე საათის დაშორებით ჭიის ხვრელის მეშვეობით.

თუ არსებობს რაიმე რეალური ჭიის ხვრელები, ისინი გვაძლევენ საშუალებას ვიმოგზაუროთ დიდი მანძილით ძალიან მოკლე დროში — საშუალება გვექნება მივაღწიოთ სამყაროს შორეულ მონაკვეთებს ერთი სიცოცხლის განმავლობაში.

სამწუხაროდ, ტახიონების მსგავსად, ჭიის ხვრელები მთლიანად ჰიპოთეტურია.

უცნაური შესაძლებლობები

იმისდა მიუხედავად, რომ არ შეგვიძლია ვიმოგზაუროთ სინათლეზე სწრაფად, ჩვენ მაინც შეგვიძლია ვცადოთ წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა ამის გაკეთება.

ჩვენ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად რომ ვმოძრაობდეთ ალბათ წარსულშიც დავბრუნდებოდით, ისევე როგორც ეს ტახიონების შემთხვევაში წარმოგვიდგენია. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ეს უკვე ჩვენი სამყაროს კანონების დარღვევა იქნებოდა და საუბარი სამყაროზე, რომელშიც ჩვენი კანონები არ მოქმედებს რთულია.

ხოლო იქ სადაც ფიზიკის ცნობილი კანონები სრულდება, შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი წარმოსახვა მოვიშველიოთ, როგორც ეს შავი ხვრელის ცენტრზე საუბრისას ხდება ხოლმე. ერთი რამ ფაქტია, იმისთვის, რომ ჩვენი მასის მქონე ობიექტმა სინათლის სიჩქარეს გადაასწროს ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს, თუმცა, ვინ იცის იქნებ ოდესმე ესეც შევძლოთ. არსებობენ მეცნიერები, რომლებსაც იმისაც სჯერათ, რომ ფიზიკის კანონების შეცვლა შესაძლებელია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.