ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის გახმაურებულ სასამართლო დავას მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ პროცესზე, DC Films-ის ხელმძღვანელმა უოლტერ ჰამადამ დაადასტურა გავრცელებული ხმები, რომ ამბერ ჰერდმა Aquaman-სა და The Last Kingdom-ში თავისი როლი კინაღამ დაკარგა. თუმცა, ჰამადა ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ჰერდის წარმომადგენლების დასახელებული გარემოება არ ყოფილა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებას ჰერდსა და ფილმში მასთან ერთად მონაწილე ჯეისონ მომოას შორის "ქიმიის არქონის" გამო აპირებდნენ.

პროცესის დაწყებამდე ჰერდის აგენტმა ჯესიკა კოვაჩევიჩმა დაადასტურა, რომ Warner Bros.-მა მას უთხრა, მსახიობს შეიძლება როლი დაეკარგა. თუმცა, ჰერდი და გასართობი ინდუსტრიის ექსპერტი კეთრინ არნოლდი აცხადებენ, რომ ამის მიზეზი სწორედაც რომ ჯონი დეპის მიერ წამოწყებული სასამართლო დავა იყო. არნოლდი ასევე დასძენს, რომ Aquaman-ში ჰერდის დარჩენას დაჟინებით ითხოვდა ჯეისონ მომოა და მსახიობმა როლის შენარჩუნება სწორედ მისი დამსახურებით შეძლო.

ჰერდმა და არნოლდმა ასევე აღნიშნეს, რომ ფილმის თავდაპირველი სცენარი შეიცვალა და შემქმნელებმა სასიყვარულო ხაზი და ბრძოლის სცენები ამოიღეს. ამას არ ადასტურებს ჰამადა. მისი თქმით, არც Aquaman და არც The Last Kingdom რომანტიკულ ფილმებად ჩაფიქრებული არ ყოფილა. ამასთან, კინოსტუდიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ჰერდის როლი პროექტში არ შემცირებულა.

ამბერ ჰერდი და ჯონი დეპი 2020 წლის ზაფხულში სასამართლო განხილვებზე.

ფოტო: EPA / Getty Images

ჰერდი ამბობს, რომ ჯონი დეპის მიერ მის წინააღმდეგ სასამართლო დავის წამოწყების შემდეგ ბრძოლა მოუხდა, რათა კარიერა შეენარჩუნებინა. ამის მიზეზი დიდწილად საზოგადოების საკითხისადმი დამოკიდებულებაც იყო — ჯერ კიდევ 2020 წელს, ჯონი დეპის გულშემატკივრებმა ინტერნეტში პეტიცია შექმნეს Aquaman 2-დან ამბერ ჰერდის გაშვების მოთხოვნით. ამ დროისთვის პეტიციას 3 მილიონზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნა ფანებმა მაშინ წამოაყენეს, როცა წაგებული სასამართლო დავის შემდეგ Warner Bros.-მა ჯონი დეპს როლის დატოვება მოსთხოვა. დეპის ადგილი ჯადოსნური არსებების ცნობილ ფრენჩაიზში მადს მიკელსენმა დაიკავა. კინოკრიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ დანიელმა მსახიობმა გრინდელვალდის როლი დეპზე ბევრად უკეთესად შეასრულა.

სხვათა შორის, შარშან, სასამართლო დავის წაგების შემდეგ მიცემულ პირველ ინტერვიუში ჯონი დეპმა აღნიშნა, რომ "ჰოლივუდი ბოიკოტს უცხადებს". თუმცა, ალბათ უარეს დღეში აღმოჩნდა ჰერდი, რომელიც ინტერნეტსივრცეში დაცინვისა და დამცირების სამიზნედ იქცა. არნოლდი აღნიშნავს კიდეც, რომ ჯონი დეპთან სასამართლო დავამ ამბერის კარიერაზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია.

"ინდუსტრიაში მასთან მუშაობა ბევრს სურს, მაგრამ ამას ახლა ვერ ახერხებენ, რადგან ყოველ ჯერზე, როცა მის სახელს ახსენებენ, ნეგატიური დამოკიდებულება იჩენს ისევ თავს", — ამბობს კინოინდუსტრიის ექსპერტი, — "სასურველი პროექტებიც კი აღარაა მისთვის ხელმისაწვდომი".