ლელოს ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე ამბობდა, რომ 3-საათიანი დებატების დროს სამი საათი შეუძლია ჩუმად და უემოციოდ იჯდეს, საშიში კაციო. მისი თქმით, ახლა განსხვავება ისაა, რომ კობახიძე სამი საათი ლაპარაკობს და "იფრქვევა მარგალიტები".

"ღარიბაშვილს პირველი პრემიერობიდან რომ უშვებდით, იყავით გაოგნებული, ეს რა ქნაო. თავისი ლაპარაკით და ქმედებებით, ძირითადად ლაპარაკით, კინაღამ ისეთ დღეში ჩამაგდო თვალებში ვეღარ ვუყურებ ჩვენს უცხოელ კოლეგებსო. ხო, ის თავი უკვე მოჭრილი გაქვთ მისი გამოისობით. [...]

ისიც მახსოვს, რა გაოგნებული იყავით, ეს საშიში კაცია, მგონიო. მეორე ირაკლიზე ამბობდა, სამი საათი გამალებული დებატებში ვსხედვართ მაგიდის გარეშემო და სამი საათი შეუძლია იჯდეს აბსოლუტურად ჩუმად და უემოციო სახითო, საშიში კაცია ესო. ახლა განსხვავებაა ისა, რომ სამი საათი ლაპარაკობს ის კაცი, იგივე კაცია, მაგრამ იფრქვევა ყოველდღე მარგალიტები", — განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა პარლამენტში საკუთარი გამოსვლა ივანიშვილის მოკითხვით დაიწყო და მიმართა, რომ არ ჰგონია კარგად იყოს ის ან თავად ახლა. მისივე თქმით, ბევრ რამეს ნანობს, რაც ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის 4 წლის მანძილზე ვერ გააკეთა.