მსახიობები ზენდეია და ენ ჰეთეუეი პაოლო სორენტინოს მიერ გადაღებულ Bulgari-ს ახალ რეკლამაში გამოჩნდნენ. რეკლამას Unexpected Wonders ჰქვია და ორ წუთზე მეტ ხანს გრძელდება.

დიახ, ეშმაკს აცვია პრადა ეიფორიას შეხვდა!

რეკლამაში Bulgari-ს მშვენიერ სამკაულებს ვხედავთ, რომლებსაც ორივე მსახიობი იხდენს. "საოცრებათა ძიებაში დასასრული არ არსებობს", — დასძენს ზენდეია და ენ ჰეთეუეისთან ერთად იშვიათ ძვირფას ქვებს უყურებს.

რეკლამაში არაერთ შთამბეჭდავ კადრს მოკრავთ თვალს, თუმცა მათ შორის, ალბათ, ყველაზე გამორჩეული მაინც ზენდეიასა და ენ ჰეთეუის ცეკვაა. მართალია, სულ რამდენიმეწამიანი, მაგრამ ეს რეკლამა ამ ორი მსახიობის მოყვარულთათვის თუნდაც ამად ღირდა.

Bulgari-ს ახალი რეკლამების ძირითადი ხაზი ქალაქ რომს ეხება, შესაბამისად, ზენდეიასა და ენ ჰეთეუეის მოკლემეტრაჟიან ფილმშიც ძირითადად რომის ხედებს ვხედავთ.

"მიიღეთ რომის გულთბილი მოწვევა და ქალაქის ყველაზე გასაოცარ ადგილებში ყოველ წამს სიხარული და საოცრება ეძიეთ. იცოდეთ, რომ ცნობისმოყვარეობა ბედნიერების უსასრულო შესაძლებლობებს გვიხსნის", — ვკითხულობთ ბრენდის ოფიციალური რეკლამის აღწერაში.