დღესდღეობით ბევრ ადამიანს განსაკუთრებულად მშრალ ადგილებში უწევს ცხოვრება, მართალია, ასეთი რეგიონები ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა და მარცვლეულის მოსავლითაც მდიდარია, თუმცა იქ სასმელი წყლისა და წვიმის სერიოზული ნაკლებობაა.

მსგავს არეალში მცხოვრები მოსახლეობა, ძირითადად, მიწისქვეშა წყლის რეზერვუარებზეა დამოკიდებული, მაგრამ კლიმატის ცვლილება მათ ნელ-ნელა ამ რესურსსაც ართმევს. მეცნიერები გამოსავლის მოძებნას აქტიურად ცდილობენ, რისი მაგალითიც უკანასკნელი მიგნებაა. საუბარია სპეციალური გელის თხელ ფირებზე, რომელთა მეშვეობითაც ჰაერიდან სასმელი წყლის მიღებაა შესაძლებელი.

ფოტო: The University of Texas at Austin / Cockrell School of Engineering

აღნიშნული გელი საკმაოდ იაფი და უხვად მოპოვებადი მატერიისგანაა შექმნილი, რომლის თითო კილოგრამის შეძენაც სულ რაღაც 2 დოლარამდე ჯდება. ამ რაოდენობით 6 ლიტრზე მეტ წყალს მივიღებთ იქ, სადაც ჰაერის ტენიანობა 15 პროცენტია, 30-პროცენტიანი ტენიანობის მქონე რეგიონში კი — 13 ლიტრს.

"ახალი კვლევა პრაქტიკულ მეთოდს ეხება, რომელსაც დედამიწაზე ყველაზე ცხელ და მშრალ ადგილებში მცხოვრები ხალხი წყლის მისაღებად გამოიყენებს. ეს მილიონობით ადამიანს, რომელსაც სასმელი წყლის საკმარის მარაგზე ხელი არ მიუწვდება, სპეციალური მოწყობილობებით სახლში მისი მარტივად 'გამომუშავების' საშუალებას აძლევს", — აცხადებენ ავტორები.

ფოტო: The University of Texas at Austin

გელი ორგანულ ნაერთ ცელულოზასა და მცენარე კონიაკის ფისის შეიცავს. ამ უკანასკნელის ფოროვანი სტრუქტურა ტენის გამოცალკევების პროცესის დაჩქარებას განაპირობებს, პირველი კი გათბობისას, ჰიდროფობული ურთიერთქმედების წყალობით, დაგროვებული წყლის გამოყოფას უწყობს ხელს. თანაც ისე, რომ ენერგიის დანახარჯი ძალზე მცირეა.

ფირი ელასტიკურია და ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია. ამისთვის პირველადი მატერია სასურველი ზომისა და მოხაზულობის მქონე ყალიბში უნდა ჩაასხათ, შემდეგ კი მშრალად გაყინოთ. მეცნიერებს სურთ, რომ ის ფართო გამოყენების გახდეს.

მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.