ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის პოზიციამ მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას "გაუადვილა", რომ რუსთავი 2 გაეძარცვა. ასე ეხმაურება ის იან კელისა და დევიდ კრამერის კრიტიკულ სტატიას.

"მგონი, კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესო. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ისინი არიან ლობისტები, უკვე ძალიან დიდი ხანია და იან კელის ერთი რამე მინდა შევახსენო, რომ მისი პოზიციაც იყო ძალიან პრობლემური თავის დროზე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

მისმა პოზიციამ, სამწუხაროდ, პიროვნებაზე მაქვს, ამ შემთხვევაში საუბარი, გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მილიონით რუსთავი 2 გაეძარცვა. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ მით უმეტეს, გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს, გამომდინარე ამ პიროვნული პასუხისმგებლობიდან, რომელიც მას აქვს კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით", — განაცხადა კობახიძემ.

24 მაისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, სადაც წერენ, რომ ქართული ოცნება გადაწყეტილებებს იღებს იმის საფუძველზე, ეწყინება თუ არა პუტინს.