რუსი ჯარისკაცების მიერ გაწვრთნილმა ძაღლმა ომში, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე გრძელდება, სწორი მხარე აირჩია — ოკუპანტების მიერ მიტოვებული ცუგა უკრაინული ჯარის გვერდით იბრძვის. ის რუს პატრონს მიკოლაევის ოლქის ერთ-ერთი სოფლის ასაღებად გამოჰყვა, თუმცა სოფელში დარჩა და ახალი და მზრუნველი პატრონიც იპოვა.

მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა მიკოლაევის რეგიონში დაკავებული ტერიტორიიდან ოკუპანტები განდევნეს, ომისგან შეშინებული ცხოველები გაიქცნენ. ერთ-ერთი მათგანი სოფელში აღმოჩნდა. მშიერ ძაღლს უკრაინელმა ქალმა, სახელად ვალენტინამ, საჭმელი მისცა, რის შემდეგაც ცხოველი მის ეზოში დასახლდა და ქალის ძაღლსაც დაუმეგობრდა.

ფოტო: 19 Миколаївський полк охорони громадського порядку НГУ

მას შემდეგ, რაც სოფელში გაიგეს, რომ ვალენტინას ეზოში ჯარისკაცების მიერ გაწვრთნილი ძაღლი ჰყავდა, ქალს მის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ, თუმცა ვალენტინამ ფულზე უარი თქვა და სანაცვლოდ ძაღლი უკრაინულ ჯარს გადასცა. ვალენტინას სურდა, ცუგას საკუთარი უნარები უკრაინელების დასახმარებლად გამოეყენებინა.

ფოტო: 19 Миколаївський полк охорони громадського порядку НГУ

ჯარისკაცებმა და კინოლოგებმა ძაღლი შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ ის სრულიად ჯანმრთელი და კარგად გაწვრთნილი იყო. მათი დასკვნით, ძაღლს რუსები იარაღისა და ტყვია-წამალის მოსაძებნად იყენებდნენ.

ჯარისკაცებმა საყელოზე ძაღლის სახელი ამოიკითხეს, თუმცა გადაწყვიტეს, რომ მათ მეგობარს ახალი ცხოვრება და ახალი სახელი სჭირდებოდა და მას მაქსი დაარქვეს. მაქსი ძალიან დამჯერი და კეთილგანწყობილი აღმოჩნდა. მართალია, ჯერ მხოლოდ რუსულად გაცემული ბრძანებები ესმის, თუმცა უკრაინულს სწრაფად ითვისებს.

ფოტო: 19 Миколаївський полк охорони громадського порядку НГУ

"მადლიერი ვართ ოჯახის, რომელმაც ძაღლი გაყიდვის ნაცვლად უკრაინულ ჯარს გადასცა. ამიერიდან მაქსი სწორ მხარეს იბრძოლებს", — ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცი.