The Guardian-ის ცნობით, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი აზოვის ბატალიონის მეთაური, დენის პროკოპენკო ცოლს ესაუბრა და უთხრა, რომ კარგად არის. მედია წერს, რომ უცნობია, შეძლო თუ არა პროკოპენკომ ცოლთან თავისუფლად საუბარი.

"მან თქვა, რომ კარგად არის და მკითხა, მე როგორ ვარ. სხვადასხვა წყაროებიდან ვიცი, რომ მდგომარეობა, ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებელია", — განუცხადა კატერინა პროკოპენკომ The Guardian-ს.

მისი თქმით, ჯარისკაცებს აჭმევენ და აწვდიან წყალს. კატერინა პროკოპენკოს ინფორმაციით, პირობები აკმაყოფილებს მოთხოვნებს და მათზე ძალადობა ამ მოკლე პერიოდში არ ყოფილა.

"რა მოხდება შემდეგ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, მაგრამ ამ დროისთვის არიან მესამე მხარეები — გაერო და წითელი ჯვარი — რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ", — თქვა მან.

ომის 86-ე დღეს აზოვსტალი დაცარიელდა. ქალაქის მცველებმა, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში თითქმის სამი თვე თავს არ ზოგავდნენ, სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება მიიღეს.

კრემლს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი აზოვსტალის მცველების ბედზე. პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თავდაცვის სამინისტროსთან გადაამისამართა კითხვა, მოსკოვი მათ სამხედრო ტყვეებად თვლის თუ სამხედრო დამნაშავეებად. მან ასევე გაიხსენა პუტინის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ ვინც იარაღს დაყრის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოექცევიან.

ამასთანავე, 21 მაისს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შეისწავლის აზოვსტალიდან გამოყვანილი მებრძოლების ვიქტორ მედვედჩუკში გაცვლის შესაძლებლობას.

კრემლი არა, თუმცა მათი სატელიტები აქტიურად საუბრობენ მარიუპოლის მცველების ბედზე. რუსეთის დუმის ქვედა პალატის LDPR ფრაქციის ახალმა ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ჟირინოვსკის შემცვლელმა, ლეონიდ სლუცკიმ მოითხოვა აზოვის მებრძოლების სიკვდილით დასჯა, თუ სასამართლო მათ დამნაშავედ ცნობს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

ხოლო, ანექსირებული ყირიმის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა კი განაცხადა, რომ დატყვევებული უკრაინელები, რომლებსაც ტრიბუნალის განაჩენით არ დახვრეტენ, დონბასში ქალაქების აღსადგენად ყველაზე შავ სამუშაოებზე უნდა გამოიყენონ.

გაიგე მეტი: