აიტან მამადოვას თქმით, 8 მაისს ბაქოში, საკუთარი სახლის ლიფტში უცნობი პირი დაესხა თავს.

"ყელში მწვდა და დანით მემუქრებოდა. მითხრა: "ამ საქმის შესახებ არაფერს დაწერ". ის ჩემი შვილით დამემუქრა, თუმცა არ დააკონკრეტა, რა სახის მუქარას გულისხმობდა", — უთხრა მამადოვამ ჟურნალისტებს.

თავდასხმისთანავე ჟურნალისტმა სასწრაფოს ნომერი აკრიფა, პოლიცია შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა და მამადოვა განყოფილებაში წაიყვანა. მომდევნო დღეს ჟურნალისტს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

მამადოვას განცხადებით, მას სოფელ დონდარ გოსჩჩუში 10 წლის ნარმინ გულიევას გატაცების გაშუქების გამო დაემუქრნენ. ბავშვის დამწვარი ცხედარი სოფელში 2020 წლის იანვარში, მისი გატაცებიდან 47 დღეში იპოვეს.

კვირას შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, ელშად ჰაჯიევმა დაადასტურა, რომ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლით არის დაწყებული, რაც მკვლელობის მუქარას ან ჯანმრთელობისთვის სეროზული ზიანის მიყენებას გულისხმობს.

თავდასხმა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებმა, აშშ-ის საელჩომ და ევროპის საბჭომ დაგმეს.

"ვგმობ აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე, აიტან მამადოვაზე თავდასხმას. მოგიწოდებთ სწრაფი და დაუყოვნებლივი გამოძიებისკენ. დაშინების მსგავსი ამაზრზენი შემთხვევები მიუღებელია. ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის განხორციელება უსაფრთხოდ უნდა შეეძლოთ", — დაწერა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხში, ტერესა რიბეირომ.

თავდასხმასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართეს. ამავდროულად, აქტივისტებმა 14 მაისს მშვიდობიანი აქცია გამართეს, რათა ეს ძალადობა და დაუსჯელობა გაეპროტესტებინათ.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.