საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადებით, დღეს, 24 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათი თქმით, ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილების საფუძველი დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაციაა.

"ამ ეტაპზე გათავისუფლებულ იქნა ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი, მაღალი დონის პროფესიონალების გუნდი. ასევე, მათ სიაში შედის საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ნიკოლოზ წიქარიძე და კავშირის სხვა წევრები. გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში არიან ის მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს პროექტებში", — ნათქვამია განცხადებაში.

პროფკავშირში გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ დამსაქმებლების მხრიდან მუზეუმში რეორგანიზაცია გაუმჭირვალედ და არაკეთილსინდისიერად ტარდება. ისინი მუზეუმის ხელმძღვანელობისგან პროცესის შეჩერებასა და გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.

დღეს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუზეუმიდან იულონ და დათა გაგოშიძეები გაათავისუფლეს. On.ge ინფორმაციის დასადასტურებლად კულტურის სამინისტროსთან ცდილობს დაკავშირებას, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.