საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, სადაც წერენ, რომ ქართული ოცნება გადაწყეტილებებს იღებს იმის საფუძველზე, ეწყინება თუ არა პუტინს.

"როგორც ჩანს, ქართული ოცნება თავის გადაწყვეტილებებს იღებს არა იმის საფუძველზე, ხელს უწყობს თუ არა ეს პოლიტიკა დასავლურ ნორმებთან ინტეგრაციას, არამედ გაანაწყენებს თუ არა კრემლის დიქტატორს. საშინაო პოლიტიკაში მთავრობა, ხელისუფლების სამივე შტოში, ძალაუფლების ყველა სადავეს მუხლჩაუხრელად იხვეჭს და ამ ძალაუფლების შემმოწმებელ ინსტიტუციებს მარგინალიზაციას უწევს ან შლის. ეს განსაკუთრებით აშკარა იყო აშშ-ს, ევროპისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დამოუკიდებელ სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად მიწოდებულ რეფორმებზე უარის თქმის დროს", — ვკითხულობთ სტატიაში.

კელის და კრამერის განცხადებით, ყველაზე მეტად შემაშფოთებელია ქართული ოცნების პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ. მათი თქმით, საქართველო უკრაინის ბუნებრივი მოკავშირე უნდა იყოს, თუმცა ამის ნაცვლად, საქართველოს მთავრობის უარმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, მისი მოქალაქეების უკრაინაში ბრძოლაში ჩართვის თავიდან აცილებამ და მისმა სავარაუდო მცდელობამ, დაეხმაროს რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში, აიძულა უკრაინა გაეყვანა თავისი ელჩი თბილისიდან.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ პუტინის მსგავსად, "ოცნების" ლიდერები, როგორც ჩანს, ომს უპირველესად ოპონენტების გატეხვის შესაძლებლობად აღიქვამენ. ამის მაგალითად მოყვანილია ირაკლი კობახიძე, როდესაც მან გააკრიტიკა უკრაინის მთავრობა ელჩის გაყვანის გამო და დაადანაშაულა ის "საქართველოს პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევის კოორდინირებულ მცდელობაში" ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად.

"პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში" — ამ სათაურით გამოაქვეყნეს ერთობლივი კრიტიკული სტატია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა.