ლელო ქართულ ოცნებას და პროდასავლურ პარტიებს სთავაზობს, ერთად გაემგზავრონ ბრიუსელში. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეს კონკრეტული და მარტივი შეთავაზებაა და პასუხი ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული.

"დღეს წყდება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი თემა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ აი ეს არის შეთავაზება: ჩვენ მზად ვართ, ქართულ ოცნებასთან და ყველა პროდასავლურ პარტიასთან ერთად დავსხდეთ და გავემგზავროთ იმ ადგილას, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, ეს არის ბრიუსელი. და ვუთხრათ, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში პოზიცია, ოპოზიცია ამ საკითხების გარშემო არის ერთიანი, ერთსულოვანი და ჩვენ ვდგავართ ერთად ამ მიზნის მისაღწევად. ძალიან კონკრეტული და მარტივი შეთავაზებაა, დანარჩენი, პასუხი ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული და ჩვენ დაველოდებით მათ რეაგირებას", — ამბობს ის.

6 მაისს საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი 11 აპრილს გადასცეს. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.