ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ MRT კვლევით ხერხემალზე დაუდგინდა ტრავმა. მისი შეფასებით, ეს დაზიანება გლდანში ძალის გამოყენებით გადაყვანისას მიიღო. სააკაშვილი ამბობს, რომ ზურგის არეში ძლიერი ტკივილები აქვს.

"ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ, გადავწყვიტე პირადად ღიად ვისაუბრო ამაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით, მივიღე გლდანში ძალის გამოყენებით გადაყვანისას, ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. დღესდღეობით მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელ ნემსს მიკეთებენ. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, ორივე ხელში და სულ უფრო ძნელად, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს, მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში", — წერს სააკაშვილი.

მისი განცხადებით, ნეიროქირურგმა, რომელმაც გასინჯა, გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგი აღდგენა შეუძლებელი იქნება. სააკაშვილი ამბობს, რომ წოლით რეჟიმზეა.

"MRT-ით ასევე თავის ტვინშიც დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა.

საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო, საქმე არ სწორდება, თორემ ვინც მიცნობთ ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებს და არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღებაც საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია", — აცხადებს ის.

სააკაშვილი ამ დროისთვის ვივამედში იმყოფება, ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. ასევე ადვოკატები ამბობენ, რომ ელოდებიან ექსპერტების დაშვება.