პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 17 მაისი საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ გააცნობიეროს, არ შეიძლება ადამიანების სიძულვილი მათი განსხვავებულობის გამო. მისი თქმით, მითუმეტეს მიუღებელია, რომ განსხვავებული ადამიანების უფლებების არსებობის მტკიცება გვიწევდეს.

"ზუსტად ერთი კვირის წინ 17 მაისი იყო, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გამოიყენოს ეს დღე იმისთვის, რომ კარად გააცნობიეროს, არ შეიძლება სძულდეთ ადამიანები, მითუმეტეს, გამოხატავდნენ ამ სიძულვილს, რომელიც მათ გემოვნებას არ შეესაბამებიან და ისიც იმის გამო, რომ ისინი განსხვავდებიან. მით უფრო მიუღებელია, გვიწევდეს ამ განსხვავებული ადამიანების უფლებების არსებობის მტკიცება და ვანდალიზმისგან მათი დაცვის საჭიროებაზე საუბარი", — ამბობს ის.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს ლგბტ+ ადამიანები, თემის აქტივისტები და მხარდამჭერები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობას და მათ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ. თუმცა, საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები ამ დღეს სათანადოდ ვერ აღნიშნავენ, რადგან ძალადობრივი ჯგუფები მათ ამაში ხელს უშლიან. როგორც აქტივისტები და სამოქალაქო სექტორი აცხადებენ, მსგავსი შემთხვევებისას ხელისუფლების რეაგირება არაეფექტურია.