ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, მოქალაქეების დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საქართველო უკრაინას საბჭოთა შეიარაღებით უნდა დაეხმაროს.

"პოლონეთი აწვდის საბჭოურ იარაღს, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინელებისთვის, უკრაინას და სანაცვლოს, აშშ-სგან, ბრიტანეთისგან, გერმანიისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას.

იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ. ეს საბჭოური ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში. მით უფრო, ლენდ-ლიზმა ამის შესაძლებლობა მოგვცა. ამას გარდა, არაჩვეულებრივ ჩაფხუტებს და ჯავშან-ჟილეტებს აწარმოებს ჩვენი სამხედრო საწარმო. ძალიან მაღალი ხარისხისას, შეგვიძლია უბრალოდ გავუგზავნოთ, დიდგორები, სხვადასხვა ტიპის და მოდიფიკაციის, კავშირგაბმულობის მანქანები და ა.შ", — განაცხადა მან.

ელისაშვილი ამბობს, რომ საქართველო თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად უზარმაზარ შესაძლებლობას კარგავს. მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებას უკრაინის დახმარების სურვილი უბრალოდ არ აქვს.

"პრობლემა იმაშია, რომ სურვილს ვერ ვხედავ ჩვენი ხელისუფლების, რომ რამით დავეხმაროთ უკრაინას, სურვილს კი არა, იქით ლანძღავთ ზელენსკის. ამდენად, მე მზად ვარ, ამაზე გედებატოთ რა ფორმატსაც ისურვებთ იმ ფორმატში", — თქვა ელისაშვილმა.

მოგვიანებით ელისაშვილის განცხადებას ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, შეურაცხმყოფელია, იმის თქმა, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას უკეთესი შეიარაღების მისაღებად "საბჭოთა ჯართი" მივაწოდოთ.

"კარგად იცით, რომ ომში მყოფ ადამიანს ყველაზე მეტად რაც სჭირდება, ეს არის გამართული იარაღი და გამართული თავდაცვის საშუალებები, რომ მისი სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი. ჯართის მიწოდება... იმედია, სერიოზულად, არ თქვით ეს წინადადება", — თქვა სუბარმა.

გუშინ, 23 მაისს კობახიძემ ოპოზიციას, მათ "ლობისტებს" და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, საჯაროდ ჩამოთვალონ რა უნდა ექნა და არ გააკეთა ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად. ასევე, თქვა, რომ საჯაროდ დასმულ კითხვებს "ოცნება" საჯაროდ გასცემს პასუხს.