ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართავს, რომ "სპეკულაციების დასასრულებლად" მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნაზე განცხადება გამოაქვეყნოს.

როგორც ის ამბობს, "რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოდ დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალურ მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი". კობახიძე თქმით კი, ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულია.

"მინდა ამერიკის საელჩოს მივმართო თხოვნით, მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია, თუმცა სპეკულაციები გრძელდება. ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა", — განაცხადა მან.

კობახიძე ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნაზე საუბრისას ამბობს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მორიგი დემაგოგია და სპეკულაციაა.

"თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო", — ამბობს ის.

20 მაისს რამდენიმე მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად აშშ-ში მიდიოდა. ჩვენი ინფორმაციით, ეს საკითხი მედიების წარმომადგენლებმა ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრისას განიხილეს. თუმცა, უცნობია, უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება ამას. საელჩოს განმარტება არ გაუვრცელებია. იმავე დღეს On.ge ჩხიკვაძეს დაუკავშირდა, თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ კომენტარს არ აკეთებს.

16 მაისს ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა და დაუყოვნებლივ დაკავების ბრძანება გასცა. ადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი პრეცედენტია. სახალხო დამცველიც აცხადებს, რომ განაჩენი კანონთან შეუსაბამოა და ემსახურება კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ისეთ ზეწოლას, როგორიც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს 24 მარტის შეფასებით, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ რისკების გაწევა და კონკრეტული მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება არათუ სისხლისსამართლებრივი, არამედ სამეწარმეო სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველიც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გახდეს.