"რაც უფრო მეტად ციფრულდება სამყარო და იქმნება ახალი აპლიკაციები, მით უფრო მეტად იზრდება კონკურენცია მოწყობილობაზე გამოყენებად აპლიკაციებს შორის. ცნობილია, რომ აშშ-ში, 2022 წლის მონაცემებით, 1 ადამიანი ყოველდღე საშუალოდ 9 აპლიკაციას იყენებს და ყოველთვე 30-ს. გამოდის, რომ აპლიკაციების 90%-ზე მეტი ადამიანის მოწყობილობაში გამოუყენებელი რჩება", — გვიყვება საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების მიმართულების დირექტორი, ლევან კობახიძე, როცა მსოფლიო ტენდენციებსა და მობილბანკის სუპერ აპად ქცევის გადაწყვეტილების მიზეზებზე ვეკითხებით.

ლევანს კიდევ ბევრი რამ ვკითხეთ და სანამ ინტერვიუს ნაწილზე გადავიდოდეთ, უნდა გითხრათ, რომ მალე საქართველოს ბანკის მობილბანკი სუპერ აპად იქცევა. ის გააერთიანებს უამრავ სერვისს. მაგალითად, ახლა მობილბანკი საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ინვესტიციები, მივიღოთ შეთავაზებები ან ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა. მომავალში კი, მისი გავლით შევძლებთ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, ბილეთების ყიდვასა თუ სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურებას. სუპერ აპს Marketplace-იც ექნება, ავტოდაზღვევაც და სხვა ბანკის ანგარიშების მართვაც. თუ რატომ და როგორ, ამას ლევან კობახიძესთან ინტერვიუს გზით მოგიყვებით:

რა საჭიროებებისა თუ გამოწვევების საპასუხოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, მობილბანკი სუპერ აპად გექციათ?

პანდემიის შემდგომ, განსაკუთრებით დაჩქარებულია გაციფრულების პროცესი. ადამიანებს მოლოდინი აქვთ, ნებისმიერი არსებული თუ ახალი მომსახურება მარტივად ხელმისაწვდომი იყოს ციფრულ არხებში და მათ მობილურებში.

მომხმარებელი უკვე მიჩვეულია მობილურის გამოყენებით ისეთი ყოველდღიური სერვისებით სარგებლობას, როგორიცაა: ტაქსის გამოძახება, საკვების შეკვეთა, სიახლეების გაცნობა, ყოველდღიური ბანკინგი და მრავალი სხვა. თუმცა, კიდევ არსებობს ბევრი სერვისი, რომელიც დღეს საქართველოში ასე მარტივად ხელმისაწვდომი არ არის და მომხმარებელი ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავს მათ მისაღებად.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს პირველ რიგში მაქსიმალურად სრულყოფილად მივაწოდოთ საბანკო მომსახურება მობილურში და ამავდროულად, გავუმარტივოთ წვდომა ბევრ სხვა სერვისზე, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციებთან.

რა საბანკო და არასაბანკო სერვისებს უნდა ველოდეთ სუპერ აპისგან?

სუპერ აპი, პირველ რიგში, წარმოადგენს ფინანსურ აპლიკაციას, რომელიც ჩვენ მომხმარებელს, ყოველდღიური ბანკინგის, ფინანსების მართვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, შოპინგის ან გართობის კატეგორიიდან ყოველდღიური მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

საბანკო ტრანზაქციების 70%-ზე მეტი დღეს უკვე მობილბანკში ხორციელდება, თუმცა კიდევ რჩება სერვისები, რომელსაც გაციფრულება სჭირდება. ფინანსების მართვის მიმართულებით ჩვენ უკვე დავნერგეთ ინვესტიციების მართვის მოდული, საბანკო ანგარიშების 360 გრადუსიანი ხედვა და ვმუშაობთ კრიპტოვალუტების ვაჭრობის სერვისის დანერგვაზე. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართულებით, დავნერგეთ ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევა, სადაც მომხმარებელს აქვს საშუალება აირჩიოს ბაზარზე არსებული 3 სადაზღვევო კომპანიიდან ერთ-ერთი. ვმუშაობთ სამოგზაურო დაზღვევის დამატებაზეც. შოპინგის კატეგორიაში გავაერთიანეთ ჩვენი 17 000-ზე მეტი პარტნიორი ბიზნესების შეთავაზებები ერთ სივრცეში და ვმუშაობთ მობილური მარკეტპლეისის კონცეპტზე.

მნიშვნელოვანია, რომ მობილ ბანკი აღნიშნული სერვისების მიწოდებით ერთგვარი მაკავშრებელი პლატფორმა ხდება მომხმარებელს და ბიზნესებს შორის და ცდილობს მონაცემთა ანალიზის, გადახდის ინსტრუმენტების და ავტორიზებული გარემოს გამოყენებით, ორივე მხარეს პროდუქტის ან მომსახურების მიღება/მიწოდების პროცესი გაუმარტივოს.

ვიცით, რომ გარდაქმნის პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ როდიდან უნდა ელოდოს მომხმარებელი მობილბანკის სუპერ აპად პოზიციონირებას? რა გარდამტეხი ფუნქციები უნდა ამოქმედდეს მასში ამისთვის?

სუპერ აპის ინტერპრეტაცია ბევრი განსხვავებული ფორმით არის შესაძლებელი. ჩვენი ხედვა არის ფინანსური აპლიკაცია, რომელიც სრულფასოვნად ფარავს ყოველდღიური საბანკო მომსახურების საჭიროებას და ამავდროულად ეხმარება მომხმარებელს მიიღოს ციფრულად ისეთი სერვისები, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება და დღეს მარტივად ხელმისაწვდომი არ არის.

წარმოიდგინეთ, როგორი კომფორტია, როდესაც ერთ აპლიკაციაში შეგიძლიათ, ყველა დანარჩენ ბანკებში არსებული ბალანსების ნახვა და მართვა, გლობალურ საფონდო ბირჟაზე ინვესტიციების გაკეთება, სადაზღვევო სერვისების შეძენა, ბანკის პარტნიორი ბიზნესების სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენა (მათ შორის ნაწილ-ნაწილ გადახდის შესაძლებლობით), სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შეძენა და ყოველდღიური სიახლეების გაცნობა. ეს ის მცირე ჩამონათვალია სერვისების, რომლის ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთის, ხოლო ნაწილი ახლო მომავალში გაეშვება.

ქართულ საბანკო სფეროში მობილბანკის სუპერ აპად ქცევის ანალოგი არ არსებობს, თუმცა რას გვეტყოდით უცხოურ ბანკებზე? რამდენად გვაქვს მსგავსი პრეცედენტები უცხოეთში?

სუპერ აპის წარმატებული მაგალითები მსოფლიოში ბევრია და ყველას თავისი დაწყების ისტორია აქვს. მაგალითად, აზიაში ასეთია Wechat, რომელმაც ჩინეთში მიმოწერის პლატფორმით დაიწყო და დღეს ათეულობით ყოველდღიურ სერვისს აერთიანებს. მას მსოფლიოში 1.3 მილიარდი ადამიანი იყენებს და მისი გამოყენება იმდენად კომფორტულია, რომ ბევრს მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.

ასევე ძალიან წარმატებული აპლიკაციაა Go-Jek. ეს კომპანია ინდონეზიაში შეიქმნა, როგორც ორთვლიანი ტრანსპორტის საკურიერო და გაქირავების სერვისი. დღეს 40 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება და მისი აპლიკაციით ფაქტობრივად ყველაფრის გამოძახება შეგიძლიათ.

სუპერ აპის წარმატებული ქეისები არის ფინანსურ სფეროშიც. მაგალითად რევოლუტი, რომელმაც ფინტექ აპლიკაციით დაიწყო და სუპერ აპად გარდაიქმნა. ასევე ტრადიციული ბანკი ყაზახეთში, რომელიც დღეს სუპერ აპია და მილიონობით მომხმარებელს ემსახურება.

როგორია სუპერ აპზე მუშაობის პროცესი? ვინ არის ჩართული ამ კუთხით და რა ტექნიკური გამოწვევების დაძლევას აპირებთ საბოლოო პროდუქტის მისაღებად?

სუპერ აპზე მუშაობა ბევრი სხვადასხვა გუნდის ჩართულობას მოითხოვს და მხოლოდ ერთიანი, გუნდური მუშაობით არის ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი. სუპერ აპის თითოეული სერვისი მოითხოვს, კარგად გაანალიზებას, გადააზრებას და მომხმარებლამდე სწორად მიტანას. ბუნებრივია, ამ პროცესში სხვა გუნდებთან ერთად უშუალოდ მობილბანკის კროსფუნქციური გუნდების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. თითოეულ გუნდის წევრს, ვინც უშუალოდ არის ჩართული ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტის შექმნაში.