შოტლანდიის ეკლესიამ პირველად დაუჭირა მხარი ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების უფლებას. ეკლესიამ სასულიერო პირებს ნება დართო, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანები ღვთისმსახურების დროს დააქორწინონ.

შოტლანდიის ეკლესიის გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა, გასულ ორშაბათს ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების საკითხს კენჭი უყარა. 274 ადამიანმა ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი 136 იყო. შედეგად, შოტლანდიის ეკლესიაში ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების საუკუნოვანი აკრძალვა გაუქმდა.

ეკლესიის კანონმდებლობა უახლოეს დღეებში განახლდება, რათა ქორწინების წესში მითითებული სიტყვები "ცოლი და ქმარი" სიტყვა "მხარეებად" ჩაანაცვლოს. რაც შეეხება სასულიერო პირებს, მათ უფლება აქვთ ქორწინება ჩაატარონ მხოლოდ სურვილის შემთხვევაში და ამ რიტუალში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება.

ფოტო: Reuters

შოტლანდიის ეკლესიის ამ გადაწყვეტილებას უკვე მიესალმა სამოქალაქო აქტივისტები და სხვა საეკლესიო ჯგუფები. ამ გადაწყვეტილებით შოტლანდიის ეკლესია დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდი ეკლესია გახდა, რომელმაც ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების ნება დართო.

"შოტლანდიის ეკლესიის წევრებს შორის ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებაზე განსხვავებული შეხედულებები დღემდე არსებობს. ჩვენ წლების განმავლობაში ხანგრძლივი და სიღრმისეული დისკუსია გვქონდა, რათა გვეპოვა გამოსავალი, რომელიც მრავალფეროვნებას პატივს სცემს და ყველას რწმენას აფასებს", — განაცხადა შოტლანდიის ეკლესიის გენერალური ასამბლეის მოდერატორმა.